ყოველთვის მეფიქრებოდა ჩემი ქვეყნის ბედზე და მის განვითარებაზე. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვთვლიდი, რომ ევროინტეგრაციის პროცესისთვის აქტიურად უნდა გვედევნებინა თვალი, რათა გამოგვერიცხა არჩეული კურსიდან უმნიშვნელო გადახვევაც კი. ახლა კი სამწუხაროდ, ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ქვეყანა წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს და შორდება იმ ისტორიულ არჩევანს, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია. ამ რეალობის შესაცვლელად კი ადამიანებს საპროტესტო აქციებზე დგომა გვიწევს, რადგან ვიცით, რომ ევროპულ მომავალზე უარის თქმა გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ამ ქვეყანას.
დღეს, როგორც არასდროს, ისე ვირჯები საქართველოს ისტორიული არჩევანის დასაცავად, რადგან ჩემს უკან დგას საქართველოს მომავალი, ჩემი შვილების სახით და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მშობელი იზრუნებს, შვილებს იმაზე უკეთესი დაახვედროს, ვიდრე თავად ერგო და რა გვერგო ჩვენ? პირველი და უმთავრესი – თავისუფლება, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება და მეორეს მხრივ, მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომლის გამოსწორებაშიც ბევრი შრომა ჩაიდო, მაგრამ ასჯერ და ათასჯერ მეტია გასაკეთებელი.
ჩვენი თაობის ბავშვებს არ გვქონდა სინათლე, სითბო, თანასწორი გარემო, ჯანდაცვა, საკვები და განათლება. საბაზისო უფლებები დარღვეული გვქონდა და ჩვენს მშობლებს ყოველდღიური ბრძოლა უწევდათ ჩვენს გადასარჩენად. თითქოს ყველაფერი ეს წარსულში დავტოვეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც დღეს ხდება, შეუქცევად ზიანს მიაყენებს საქართველოს და შესაბამისად ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ, ამიტომ მე უკვე 45-ე დღეა ქუჩაში ვდგავარ.
ჩემი საქმეც და ძირითადი საფიქრალიც ახლა მხოლოდ ის მგონია, რომ ქვეყანას ვუშველოთ. ბრძოლის უნარს კი ჩემი შვილები მაძლევენ, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, ჩემს გვერდით არიან. ეს კი იმხელა ძალაა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი მოერევა, მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
რკინის ფარდა ,რომელიც წლების განმავლობაში ჩამოფარებული იყო დასავლეთსა და ჩვენს შორის, აღარ უნდა ჩამოეშვას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვა ევროკავშირისკენ, რათა უახლოეს მომავალში ვიცხოვროთ განვითარებულ, დემოკრატიულ და სამართლიან ქვეყანაში.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრ ბავშვს სკოლაში გამოკვებაც კი არ შეუძლია, არ აქვთ ლეპტოპები და სხვა დამხმარე საშუალებები, რაც ევროკავშირის არც ერთი წევრი სახელმწიფოსთვის არ წარმოადგენს პრობლემას. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ღირსეული სიბერე, რადგან მოხუცებს საპენსიო თანხის სიმცირის გამო, ხშირად არჩევანის გაკეთება საკვებსა და წამლებს შორის უწევთ.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დღეს ვიბრძვით ისეთი ქვეყნისთვის, სადაც დიდიც და პატარაც ღირსეულად, უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრებას შეძლებს. სადაც კანონი დაიცავს ადამიანებს და სამართლიანობა ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.