"გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო" - კაზრეთის სკოლის თანამშრომლეს თავს დაესხნენ

1 week ago 4

ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს, ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი კაცი დაესხა თავს და როგორც მისი მეგობარი ჰყვება სახე სამართებლით დაუზიანა. შემთხვევა 11 დეკემბერს, დღის საათებში მოხდა.

დაზარალებულს პოლიციაში კითხავენ, მანამდე კი ბოლნისის საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. შემთხვევის შესახებ რადიო თავისუფლებას ფიქრია ეპიტაშვილის მეგობარი, ნატა ცნობილაძე ესაუბრა, რომელიც ადგილზეა ჩასული.

მისი ინფორმაციით, ცარიელ ქუჩაზე, სკოლისკენ მიმავალ ფიქრია ეპიტაშვილს შავ ტანსაცმელში ჩაცმული თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა, მისკენ შემოატრიალა და დაზიანებები მიაყენა. თავდამსხმელს კაპიუშონი ეფარა და ხელთათმანები ეკეთა, სახე დაფარული არ ჰქონია, როგორც მეგობარი უყვება რადიო თავისუფლებას. მისი სახე დაინახა, თუმცა ამ ადამიანს არ იცნობს და მანამდე არასოდეს უნახავს.

"უკნიდან მიადგა შავებში ჩაცმული ადამიანი, მოატრიალა, სახეზე დაუსვა სამართებელი და თან მიაძახა: "გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო". ქუჩაში არავინ იყო. თან ფიქრიას ყურსასმენი ეკეთა და ვერ გაიგო, რომ ვინმე ეპარებოდა. ფიქრია ეცადა სამართებლის გამორთმევას, რადგან ეს ადამიანი გაჩერებას არ აპირებდა, ეჯიკავა, გამოართვა სამართებელი, დაეცა და ეს ადამიანი გაიქცა", - ჰყვება ნატა ცნობილაძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო, რომელიც თვითონ ფიქრიამ გამოიძახა. ამის შემდეგ კი ის ბოლნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს: "სახის გაკერვა საჭირო არ გახდა, უბრალოდ შეუხვიეს. ხელი აქვს დაზიანებული და ხელზე უფრო ღრმა ჭრილობა აქვს".

როგორც ნატა ცნობილაძე ამბობს, ფიქრია მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, კაზრეთიდან თბილისში დადის აქციებზე დასასწრებად. სოციალურ ქსელშიც საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. "სავარაუდოდ, ამის გამო გადაწყვიტეს მასზე ანგარიშსწორება, რომ "ჭკუა ესწავლებინათ", - ამბობს ის.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმის გასარკვევად რა მუხლით დაიწყო გამოძიება და იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი. უწყების პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

მეთოთხმეტე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათ ნაწილზე პოლიციამ დაკავების და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.

10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

სრულად წაკითხვა