"გადაწყვეტილება მაინც ცინიკურია" - აქციაზე დაკავებული დათა ხარაიშვილი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა

2 weeks ago 16

პროევროპულ აქციაზე 3 დეკემბერს გამთენიისას დაკავებული მთარგმნელი და ლიტერატორი დათა ხარაიშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა.

როგორ დათა ხარაიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილება "მაინც ცინიკურია ".

"მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, მაგრამ მაინც ცინიკურია რომ სამართალდამრღვევი აღმოჩნდი, ამ დროს უბრალოდ მივდიოდი სახლში და გამიტეხეს სახე",- თქვა დათა ხარაიშვილმა.

დათა ხარაიშვილზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად იძალადეს. ინგოროყვას კლინიკაში დასმული დიაგნოზით, სადაც ის დაკავების შემდეგ მოხვდა, მას მოტეხილი აქვს თვალ-ბუდის ძვალი, გატეხილი აქვს ცხვირი, აქვს ტვინის შერყევა და მრავლობითი დაბეჟილობები. ხარაიშვილი კლინიკიდან 5 დეკემბერს გამოწერეს.

დათას ფიზიკურად ე.წ. დაკავების მანქანაში, ანუ პოლიციის მიკროავტობუსში გაუსწორდნენ.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ.

ათ დღეზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

8 დეკემბრის საღამოს მონაცემებით, 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა