გაერთიანებული სამეფო სანქციების ფონზე საქართველოს რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვისკენ მოუწოდებს

1 hour ago 2

გაერთიანებულმა სამეფომ მოუწოდა საქართველოს, შეამციროს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება და გააძლიეროს ძალისხმევა „რუსული ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. ამ განცხადებას წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს მიერ იმ კომპანიის დასანქცირება, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობი მიაწოდა.

18 დეკემბერს, გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სია გამოაქვეყნა. ახალ სამიზნეებს შორისაა რუსული ნავთობკომპანია „რუსნეფტი“, რომელმაც ოქტომბერში საქართველოში ახლად გახსნილ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობი მიაწოდა.

„მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. “ჩრდილოვანი ფლოტი” არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბრიტანეთის საელჩომ 19 დეკემბერს. „ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგო უსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას“.

ამავე განცხადების თანახმად, ახალი ნაბიჯების მიზანია, რომ „რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას“. 

21 ოქტომბერს „როიტერმა“ განაცხადა, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.  

19 დეკემბრის განცხადებაში ბრიტანეთის საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნას. „კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა