WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გაეროს გენერალურმა მხარი დაუჭირა ახალი მსოფლიო რუკის მიღებას, რომელიც ქვეყნების რეალურ ფარდობით ზომებს ასახავს.

რეზოლუციას „შეასწორე რუკა“ (Correct the Map) აფრიკის კავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ბაჰამის კუნძულებმა წარადგინეს.

რეზოლუციას მხარი 164-მა სახელმწიფომ დაუჭირა,ექვსამ ქვეყენამ, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა. თავი ასევე შეიკავეს: უკრაინამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, მოლდოვამ და სერბეთმა. ხოლო წინააღმდეგ ხმა მხოლოდ აშშ-მა მისცა.

ნეტგაზეთი საქართველოს პოზიციის განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ფოტო: კენჭისყრის შედეგები

რეზოლუციის მიზანია დედამიწის რეგიონების, განსაკუთრებით კი აფრიკის, „სამართლიანი“ წარმოდგენა. ავტორები ამტკიცებენ, რომ მოქმედი მსოფლიო რუკის დამახინჯების გამო, ხალხის კოლექტიურ აღქმაში კონტინენტმა „სიმბოლური დამცრობა“ განიცადა.

ამჟამად მსოფლიოს რუკების უმეტესობა ეფუძნება მერკატორის პროექციას, რომელიც 1569 წელს ევროპელმა კარტოგრაფმა ჟერარდუს მერკატორმა შექმნა. ის ფართოდ გამოიყენება ნავიგაციისთვის, ვინაიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზებს ეკვატორთან მიმართებით მუდმივი ჭეშმარიტი მიმართულება (აზიმუტი) აქვთ. თუმცა, ის ნაკლებად გამოსადეგია ზოგად მსოფლიო რუკად, რადგან მასშტაბი დამახინჯებულია — ეკვატორიდან დაშორებული ქვეყნები პროპორციულად გაცილებით დიდები ჩანან, ვიდრე მასთან ახლოს მდებარეები.

მაგალითად, მერკატორის პროექციაზე გრენლანდია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დიდია და ზომით აფრიკის ტოლი ჩანს. რეალურად კი გრენლანდია დაახლოებით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზომისაა, ხოლო აფრიკა გრენლანდიაზე 14-ჯერ დიდია. მერკატორის პროექციის ზოგიერთი კრიტიკოსი ვარაუდობს, რომ ის დღემდე ფართოდ იმის გამო გამოიყენება, რომ ევროპასა და სხვა დასავლურ რეგიონებს (მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკას) ადიდებს და ცენტრში ათავსებს, რაც ევროპული უპირატესობის იდეას ამყარებს.

ფოტო: მსოფლიოს რუკა მერკატორის პროექცით

გაეროს რეზოლუცია „შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ეს დამახინჯება ხელს უწყობს აფრიკის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ აზიის აღქმადი ზომების შემცირებას და სამყაროს არაბალანსირებული ხედვის დამკვიდრებას“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დამახინჯებები „ხელს უწყობს სამხრეთ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური რეალობის, ინფრასტრუქტურული საჭიროებების, განვითარების პოტენციალისა და კეთილდღეობის მასშტაბების შემცირებას, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ცრურწმენების გაღრმავებას გარემოსდაცვით, გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში“.

ამრიგად, რეზოლუცია, როგორც „შემეცნებითი სამართლიანობისა და ისტორიული სინანულის აქტი“, გვთავაზობს მერკატორის პროექციის ჩანაცვლებას „თანასწორი დედამიწის“ (Equal Earth) პროექციით, რომელიც მსოფლიოს რეგიონების ფართობებს გაცილებით ზუსტად ასახავს.

ფოტო: მსოფლიო რუკა „თანასწორი დედამიწის“ პროექციით

აშშ-ს წარმომადგენელის განცხადებით, გაეროს რეზოლუცია ამ ინსტიტუტის მუშაობისა და დანიშნულების დაცინვაა.

მისი თქმით, ის, რაც კარტოგრაფიული პროპორციების განახლების უწყინარ მცდელობად გასაღდა, სინამდვილეში იმ „გაცილებით დიდი და უფრო რადიკალური იდეოლოგიური პროექტის ნაწილია, რომელსაც ის მიეკუთვნება“.

უკრაინამ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ისტორიული დამახინჯებების გასწორების მცდელობებს, რომლებიც აფრიკასა და გლობალური სამხრეთის სხვა ნაწილებს ეხება, თუმცა წინააღმდეგობა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასახავს „თანასწორი დედამიწის“ (Equal Earth) პროექციის გამოყენებით შექმნილი ზოგიერთი რუკა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას.

უკრაინის წარმომადგენელმა გააფრთხილა ასამბლეა, რომ სათანადო გარანტიების გარეშე ამ პროექციის აღიარებამ შესაძლოა „პანდორას ყუთი“ გახსნას და გზა გაუხსნას სადავო ტერიტორიების მიმართ რუკებზე გაურკვევლობის შექმნას.

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, თუმცა იგივე წუხილი გამოთქვა. ბლოკის სახელით გამოსვლისას ირლანდიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ეხება მხოლოდ ხმელეთის მასივების ფარდობით ზომას და არანაირი გავლენა არ აქვს სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ სტატუსსა თუ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ბლოკმა ასევე განმარტა, რომ მისი მხარდაჭერა არ ნიშნავს Equal Earth-ის ვებგვერდზე განთავსებული რუკების აღიარებას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, პარასკევს განაცხადა, რომ საფრანგეთი „უარს იტყვის მერკატორის პროექციაზე“ იმ გამოსახულებების სასარგებლოდ, რომლებიც ქვეყნების ფართობებს უფრო ზუსტად ასახავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი არაპროპორციულ ვიზუალურ უპირატესობას იძენენ აფრიკასთან, ლათინურ ამერიკასთან ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან შედარებით“, — განაცხადა ბარომ და დასძინა, რომ „დამახინჯებები საბოლოოდ აღქმაში იდგამს ფესვებს“ და „დადგა დრო, რომ ისინი გასწორდეს“.

გაეროს კენჭისყრა მას შემდეგ შედგა, რაც აფრიკის კავშირმა მარტში მიიღო Equal Earth-ის რუკა, ხოლო აპრილში ტოგომ, აფრიკის კავშირის სახელით, გაეროს წევრ სახელმწიფოებს იგივეს გაკეთება სთხოვა. შედეგად მომზადდა რეზოლუციის პროექტი, რომელზეც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ივლისში არაფორმალური კონსულტაციები გამართა.

„აფრიკა, რომელიც ოდესღაც რუკებზე შემცირებული იყო, ახლა ითხოვს, რომ დაინახონ თავის რეალურ მასშტაბში — გეოგრაფიულად, ისტორიულად, მორალურად, კულტურულად, ეკონომიკურად, დიპლომატიურად და გლობალურად,“ — განაცხადა მარტში აფრიკის კავშირის ჯანდაცვის, ჰუმანიტარულ საქმეთა და სოციალური განვითარების დეპარტამენტის კომისარმა, ამა ტვუმ-ამოამ.

მერკატორის რუკით უკმაყოფილება ახალმა ზელანდიამაც გამოხატა. 2018 წლის ტურისტულ რეკლამაში, რომელშიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი მონაწილეობდა, იხუმრეს, რომ ქვედა მარჯვენა კუთხეში განთავსების გამო „ახალი ზელანდია მსოფლიო რუკებიდან ქრება“.

„თანასწორი დედამიწის“ რუკა ამ პრობლემას აგვარებს — ის სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება, მათ შორის ისეთითაც, სადაც ლონდონის გრინვიჩის სანაცვლოდ ცენტრში ოკეანეთია მოქცეული. გრინვიჩი დიდხანს გამოიყენებოდა მსოფლიო დროისა და გლობალური გეოგრაფიული ორიენტირის სტანდარტად.

ციფრული რუკების პლატფორმები, მაგალითად Google Maps, ამჟამად ასევე მერკატორის პროექციის ვერსიას იყენებენ. რეზოლუციის პროექტი ტექნოლოგიურ პლატფორმებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ გაეროს წევრ სახელმწიფოებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან, რათა უფრო ზუსტი პროექცია დანერგონ.

არასრულყოფილი ხედვა

გაეროს რეზოლუციაც აღიარებს ფუნდამენტურ პრობლემას, რომელსაც ვერანაირი კენჭისყრა ვერ გადაჭრის: არცერთ პროექციას არ შეუძლია სიბრტყეზე სრულყოფილად გამოსახოს დედამიწის მრუდწირული ზედაპირი.

„ეს ღონისძიება არასავალდებულო ხასიათისაა და მერკატორის პროექცია ბიბლიოთეკების არქივებში სამუდამოდ გაუჩინარებას არ აპირებს.

თუმცა, პარასკევის კენჭისყრამ თითქმის ერთსულოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მიანიჭა არგუმენტს, რომელსაც აფრიკის მრავალი მთავრობა სულ უფრო აქტიურად უჭერდა მხარს: არჩევანს, რომელსაც რუკების შექმნისას ვაკეთებთ, შეუძლია ჩამოაყალიბოს ის, თუ როგორ აღიქვამენ თაობები მსოფლიოს“, – ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.