გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის“ შესახებ, რომელიც ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 ოქტომბერს.
ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.
„გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია, რომელსაც ქვეყანა 2017 წლიდან ყოველწლიურად წარადგენს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.
საგარეო უწყების თქმით, რეზოლუცია „ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას“ და შეშფოთებას გამოთქვამს „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით“.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას“, – აცხადებს სამინისტრო.
რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და „გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები