WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიკელე ჩერვონე დ’ურსომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოსთან დაკავშირებით, შეახსენა თავისი ვალდებულება „დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები“ და იმ კანონმდებლობის „გაუქმების ან არსებითი გადახედვისკენ“ მოუწოდა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და განსხვავებული აზრის წინააღმდეგაა მიმართული.

„ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოუწოდებს მას, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლოდროინდელ კანონმდებლობას, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს“, – განაცხადა ჩერვონე დ’ურსომ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე გამოსვლისას.

ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბლოკი „ღრმად შეშფოთებულია“ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებისა“ და „ოპოზიციის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომების“ მიღების გამო.

მისი თქმით, ევროკავშირი „მკაცრად გმობს თვითნებურ დაპატიმრებებს და რეპრესიების ზრდას“, მათ შორის „ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაპატიმრებას“.

ჩერვონე დ’ურსომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა მოაგვაროს ეს საკითხები, საკუთარი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს.

This post is also available in: English