12 იანვარს გამთენიისას პოლიციამ გაზეთის “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი” გამომცემელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს, როგორც პოლიციის გამომძიებელმა მის ოჯახს აცნობა. ამაღლობელის ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ. ბრალის წაყენება ფორმალურად უნდა მოხდეს 48 საათის განმავლობაში, ან დაკავებული უნდა გაათავისუფლონ.
11-12 იანვრის ღამეს ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ ორჯერ დააკავეს. პირველად სტიკერის გაკვრის გამო, რომელიც მოუწოდებდა ქვეყნის მასშტაბით გაფიცვისკენ, და გაათავისუფლეს ორ საათში. ის პოლიციის სამმართველოს შენობასთან დარჩა, სადაც დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სპონტანური საპროტესტო აქცია გაიმართა.
ამაღლობელის ადვოკატმა, პაატა დიასამიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ მისი დაკავების ფაქტობრივი გარემოებები უცნობია. ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის უფლებას და მხოლოდ 12 იანვარს, დილის 3 საათზე შეძლეს შესულიყვნენ დაკავების იზოლატორში.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელსაც საშუალება მიეცა ამაღლობელის მონახულების, იუწყება , რომ ამაღლობელის მტკიცებით იგი ჭყლეტვაში მოხვდა და ინსტინქტურად ხელის გათავისუფლების მიზნით, ხელი ძლიერად აიქნია და მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე; პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, პოლიციელზე თავდასხმა 4-დან 7წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზეთი „ბათუმელები“ პირველად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოიცა და იდევნებოდა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს. ამ ავტორიტეტული, ჯილდოების მქონე გამოცემის ჟურნალისტები წარსულში განიცდიდნენ ზეწოლასა და რეპრესიებს.
This post is also available in: English (ინგლისური)