ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი:
გათავისუფლებულ და გათავისუფლების საფრთხის წინაშე მდგომ საჯარო მოხელეებს:
ზუსტად ვიცი ახლა რასაც განიცდით, ისიც მესმის, რომ ჩემი წერილით ყველა შფოთს ვერ მოგიხსნით. საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ თქვენს წინაშე მალევე გაიშლება ახალი შესაძლებლობები. არ შეშინდეთ, ოჯახსაც, საბანკო ვალდებულებებსაც, ახალ სამსახურსაც, ყველაფერს იმაზე სწრაფად მიეხედება, ვიდრე ამ წამს წარმოგიდგენიათ.
მე პირადად ძალიან დამეხმარა ფიქრის ასე დალაგება: ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც ცოდვები, როგორც საჯარო მოხელეებს(აც). ზოგჯერ, სხვის დასაცავად არ ამოგვიღია ხმა, ზოგჯერ, უსამართლოდ მოვქცევივართ სხვას, ზოგჯერ საკმარისად ხისტები არ ვყოფილვართ, რაც მთავარია, ხშირად, ძალიან ხშირად, ვიღებდით ჩვენი მარგი ქმედების კოეფიციენტისთვის არა პროპორციულად მაღალ ხელფასს.
ის ფაქტი, რომ ჩვენი დაბალი პროდუქტიულობა, დისფუნქციური პოლიტიკური და ინსტიტუციური გარემოს შედეგი იყო და არა ჩვენი სიზარმაცის, ბოლომდე ვერ გვათავისუფლებს ჩვენი ცოდვებისგან. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ჯამაგირი, ჩვენს გარშემო მცხოვრები ათასობით ქვრივ-ობლისთვის პირიდან გამოცლილი ლუკმა-პურისგან შედგება.
პოლიტიკურმა რეჟიმმა, ჩვენს წინააღმდეგ გამოჩენილი უსამართლობით, ეგ ცოდვები მონანიე ავაზაკივით, ჩვენი დიდი ძალისხმევის გარეშე ჩამოგვაწერა.
გაძლება და გამარჯვება ყველას!