WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გლდანის ციხეში შესახლებული პატიმრის, ვატო ყიფიანის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ დავით ფეიქრიშვილი მისსავე საკანში ყიფიანმა სცემა.

დავით ფეიქრიშვილი 24 საათში უკვე მეორედ შეიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, მას ოპერაციისთვის ამზადებენ.

„მქონდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია. ცალსახად მინდა გამოვრიცხო ის ფაქტი, რომ ყიფიანი შესახლებულ იქნა საკანში დავით ფეიქრიშვილთან. მას არანაირი კომუნიკაცია მე-8 დაწესებულებაში ფეიქრიშვილებთან, არც გიორგისთან, არც დავითთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია“, – ამბობს ადვოკატი, მარიკა ფხალაძე „ფორმულასთან“.

უფლებადამცველი უარყოფს ყიფიანის მხრიდან ფეიქრიშვილზე ფიზიკურ ძალადობასაც.

„ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ ამ ფაქტს“, – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე დაიწყება გამოძიება, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, უწყებას თავად მიმართავენ.


ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები  ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე “ავტორიტეტებად” მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, გასულ კვირას დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.