10.08.2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.
„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც კაცები მას ჰომოფობიური ლექსიკის გამოყენებით მიმართავენ და დაჭრით ემუქრებიან. ჟურნალისტი ამბობს, არაერთხელ გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
„ვიდეოში, რომელსაც ნახულობთ მოუსმინეთ ბოლომდე და განსაჯეთ, თუ როგორ ძალადობს ადამიანები ჩემზე ქერა თმის ფერის გამო და მთხოვენ წავყვე ბნელ ადგილას, რომ დანა დამარტყან. რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?“ – წერს ჟურნალისტი.
ქარტია აცხადებს, რომ თავდასხმები ჟურნალისტს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამყოფებს, ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში:
„ის წერს: „ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ ჩემი საქმე პროფესიონალურად შევასრულო და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. არ უნდა მიწევდეს იმის არჩევა, სამსახურში მივიდე თუ სახლში დავრჩე, იმიტომ რომ უკან შეიძლება ვერ დავბრუნდე.“
ჟურნალისტმა „აჭარა თაიმსს“ უთხრა, რომ მისი ვარაუდით, თავდასხმის ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობაც იყოს, ვინაიდან თავდამსხმელი აჭარის ტელევიზიასაც უცენზურო და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა.
ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის ატმოსფერო, სამართალდამცავი სტრუქტურების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ კანონი მათ დაიცავს.
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე და საქმის სერიოზულობა, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს დაზარალებული ჟურნალისტის მიმართ, გამოავლინოს და დასაჯოს მოძალადეები მანამ, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
netgazeti