2
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, მას “არ უკვირს”, რომ რუსეთმა უკრაინასთან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება უარყო. ამის შესახებ, The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმა The News Agents-თან პოდკასტში ისაუბრა.
“არ მიკვირს, რომ რუსეთი ამ პოზიციას იკავებს, მათ ძალიან ცხადი გახადეს ეს, მათ ამას სინათლე რამდენჯერმე მოჰფინეს”. – თქვა სტარმერმა.
როდესაც მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგ, სტარმერმა უპასუხა, რომ “პირველ რიგში, ფოკუსი უნდა შევინარჩუნოთ გრძელვადიან და დაცულ მშვიდობაზე უკრაინაში, რაც არის ის, რაც ყოველ ჩვენგანს სურს”.
შეკითხვაზე, სჯეროდა თუ არა, რომ დონალდ ტრამპი პუტინზე იმედებს გადაჭარბებულად ამყარებს, სტარმერმა თქვა, რომ “სამშაბათს პროგრესი ვიხილეთ და მე ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ სამშაბათი რუსეთის მოედანზე დადებდა ბურთს და წნეხიც რუსეთზე გადავიდოდა”.
“ეს მოხდა. კარგი რამაა, რადგან რუსეთი აგრესორია”. – თქვა სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე დაამატა, რომ პუტინს “გამოცდას უწყობენ”, ხოლო პუტინის წინააღმდეგობა უსაფრთხოების გარანტიების მიმართ “აძლიერებს რწმენას, რომ თუ შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებით არ იქნება დაცული, რაღაც მომენტში ის მას დაარღვევს”.
ცნობისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა გამოთქვა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.