გამოცემა "პროექტი": "ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამუშავებს ГРУ-სთან დაკავშირებული ოჯახი"

19 hours ago 7

რუსულმა გამოცემა „პროექტმა“ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში გახსნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, Black Sea Petroleum-ის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის გრუ-ს (ГРУ - რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელობას შორის არსებულ კავშირებზე.

ამ ქარხანას რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ნედლი ნავთობის პირველი პარტია 2025 წლის ოქტომბერში მიაწოდა.

Black Sea Petroleum

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელი ბიზნესმენი და დიზაინერი მაკა ასათიანია.

პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“. ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში დაესწრო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მაკა ასათიანი და ირაკლი კობახიძე

მაკა ასათიანი და ირაკლი კობახიძე

კავშირები ГРУ-სთან

გამოცემა „პროექტის“ ცნობით, ადრე ნავთობის ბიზნესში ჩართული იყო კახი ჟორდანია, მაკა ასათიანისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას ვაჟი პირველი ქორწინებიდან.

2016-2023 წლებში კახი ჟორდანია ფლობდა რუსეთში დაფუძნებულ სავაჭრო კომპანია Oil Energy Group-ს, რომლის წლიურმა შემოსავალმა იმ პერიოდში 17,5 მილიარდ რუბლს (215,3 მლნ აშშ დოლარს) მიაღწია.

2018 წლიდან ჟორდანია 25%-იან წილს ფლობს ნავთობპროდუქტების ავტოგადამზიდავ კომპანია „СДО-Логистик-ში", რომლის შემოსავალმა 2024 წელს 838 მილიონი რუბლი (10,4 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო გასავალმა 55 მილიონი (682 ათასი აშშ დოლარი).

ასათიანის ბიზნესპარტნიორი და „СДО-Логистик-ის" მთავარი აქციონერი (51%) ვინმე სერგეი ალექსეევია. „პროექტმა“ აღმოაჩინა, რომ ის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ ალექსეევის ვაჟია.

ვლადმირ ალექსეეევი, გრუ-ს უფროსის მოადგილე

ვლადმირ ალექსეეევი, გრუ-ს უფროსის მოადგილე

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური კახი ჟორდანიას Facebook-ზე კომენტარისთვის დაუკავშირდა, რის შემდეგაც მან, სავარაუდოდ, პროფილი გააუქმა.

მანამდე, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით რუსული გამოცემის მიერ გაგზავნილ კითხვებს არ უპასუხა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც Black Sea Petroleum-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კახი ჟორდანია ასევე ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის (2025 წლის დასაწყისიდან) - თბილისში Hilton-ის ბრენდის სასტუმროს პროექტს.

პრიგოჟინის „ვაგნერი“ და სირია

ალექსეევ-უფროსი საჯაროდ ცნობილი გახდა ევგენი პრიგოჟინის (კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი) ამბოხების დროს. „ვაგნერის“ მებრძოლებისადმი ვიდეომიმართვაში ალექსეევმა მათ ქმედებებს „ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში დარტყმა“ უწოდა. მოგვიანებით, დონის როსტოვში პრიგოჟინთან შეხვედრისას, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაცემის მოთხოვნის საპასუხოდ, ალექსეევმა თქვა: „მიდი, წაიყვანე“.

საკუთარი ბიზნესის წამოწყებამდე, ალექსეევ-უმცროსი მუშაობდა მიხაილ გუცერიევის „რუსნეფტში“, რომელმაც მიაწოდა კიდეც ნავთობი ახალ ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ყულევში.

მიხაილ გუცერიევი

მიხაილ გუცერიევი

2024 წლის თებერვალში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეევ-უმცროსის ბიზნესინტერესები გადაიკვეთა მამამისის ინტერესებთან. ამ დროს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევი სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ დროს უმცროსმა ალექსეევმა, ასადის მომხრე დაჯგუფების, „უდაბნოს შევარდნების“ ლიდერ მოჰამად ჯაბერთან ერთად, დააფუძნა კომპანია „См-Агро“, რომელსაც, ოფიციალურად, როსტოვის ოლქში ხილი მოჰყავდა. არადა, მანამდე მოჰამად ჯაბერი და მისი „უდაბნოს შევარდნები“ ძირითადად ნავთობის ობიექტების დაცვით იყვნენ დაკავებული.

სრულად წაკითხვა