სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორის, რობინ ვაგენერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში შექმნილ ვითარებაში აუცილებელია გერმანიის მხრიდან მკაფიო ღონისძიებების გატარება.
მისი თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში ძალადობრივ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო.
„საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო ავტოკრატიული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ძალადობრივი რეპრესიები დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მათი მომავლის ხილვა. ამ ვიზიტის დროს მინდა ეს პოზიცია დავაფიქსირო.
საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდნენ ევროპულ მომავალს. ამ დაპირებიდან ცოტა ხანში „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროპას. კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მაგალითად, მაცნობეს, თუ როგორ სცემეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჟურნალისტს, როდესაც იგი პირდაპირ ეთერში დემონსტრაციას აშუქებდა.
ამიტომ გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას- მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები- იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები. მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. ამ ვითარებაში აუცილებელია მკაფიო ღონისძიებების გატარება.
შთამბეჭდავად მიყვებოდნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ მცირე დასახლებებშიც კი სხვადასხვა თაობის ადამიანები ქუჩაში იმიტომ, რომ კონკრეტულ საფრთხეს ხედავენ მათი მომავლისთვის. ქართულმა ოცნებამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და დაუბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ევროპულ გზას“, – ნათქვამია რობინ ვაგენერის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.
რობინ ვაგენერი 17-18 დეკემბერს თბილისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. მან ასევე ნახა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.
გერმანიის საელჩოს განცხადებით, ვაგენერის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა.
როგორც საელჩო აცხადებს, ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირის წრეებთან.
„ევროპის საბჭო 19 დეკემბერს განიხილავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და მასზე ევროკავშირის რეაქციას“, – აცხადებს გერმანიის საელჩო.