განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თითქმის ორწლიანი შეჩერების შემდეგ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია აღუდგა.
2024 წლის დეკემბერში რეგისტრაციის შეჩერებამდე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ექსპერტთა ჯგუფმა თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან და რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გამოიყენება, როგორც უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი.
6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა აღნიშნა, რომ EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს დაეფუძნა.
ამავე განცხადების თანახმად, შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა „სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა მიზანი საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ცენტრის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა იყო“.
„ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებითა და EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015)“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
მისი თქმით, EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისადმი საერთაშორისო დონეზე სანდოობისა და რეპუტაციის ამაღლებას.
This post is also available in:
civil ახალი ამბები