განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებული 2 პირი დააკავეს

3 hours ago 2

წითელი ცირკულარით ძებნილი „კრიმინალური ავტორიტეტის“ ელმურაზ მამედოვთან კავშირში მყოფი ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ედავება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

ორივე დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს - ს.ა.-ს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ე.წ. “ქურდული სამყაროს” სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. მამედოვმა ფერმერს თანხის გადასახდელად სამდღიანი ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა“, - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ამ მუქარიდან სამ დღეში ფერმერის შვილს ავტომობილით გადაადგილების დროს უცნობმა პირებმა ესროლეს. ის არ დაშავებულა:

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა - პოლიციამ 1994 წელს დაბადებული თ.ხ. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ბრალდებულების სახით დააკავა. ამასთან, ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირის - 1985 წელს დაბადებული შ.მ.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდება“.

„კრიმინალური ავტორიტეტის“, ელმურაზ მამედოვის სახელი და გვარი ბოლოს მედიაში 7 ნოემბერს გაჟღერდა, როცა შსს-მ განაცხადა, რომ მისი დაკვეთით სოფელ კაბალში მკვლელობა იგეგმებოდა.

იმ დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც, პოლიციამ დააკავა 18 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ეს შეკვეთილი მკვლელობა უნდა შეესრულებინა. სავარაუდოდ, ეს ორივე დაკავება ერთმანეთთან არის კავშირში, რადგან ფიგურირებენ ერთი და იგივე ადამიანები და თანხა.

სრულად წაკითხვა