„განუკითხაობის დაკანონება“ - პოლიციას პრევენციული დაკავების უფლება მიანიჭეს

1 week ago 6

იურისტ საბა ბრაჭველს რეჟისორ სტივენ სპილბერგის 2002 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტაქტიკა Minority Report გაახსენა ცვლილებებმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა.

ამ ფილმში პოლიციელებს შეუძლიათ წინასწარ დაინახონ, ჩაიდენს თუ არა ადამიანი დანაშაულს მომავალში და ამის საფუძველზე დააკავონ კიდეც.

„როგორც ჩანს, ჩვენს შსს-ში ვიღაცამ ამ ფილმს უყურა და ჭკუაშიც დაუჯდა“, - ამბობს იურისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 224-ე მუხლში გაჩენილ ახალ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც „პოლიციას უფლება ეძლევა სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციისთვის ადამიანი დააკავოს“.

„მხოლოდ და მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, რომ მან მომავალში შეიძლება წესრიგი ხელმეორედ დაარღვიოს“, - ამატებს საბა ბრაჭველი.

„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ეს ჩანაწერი პოლიციას უმარტივეს მოქალაქეების ჩხრეკას, დაკავებასა და გასიჯვას. ამ უკანასკნელს - ტერმინს გასიჯვას - იურიდიულ ახსნასაც ვერ უძებნის: „არ ვიცით რას ნიშნავს“.

„აქ არ იგულისხმება სამართალდარღვევის მომზადება, მცდელობა, ან ჩადენის დაწყება. არა - ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც პოლიციელი, უბრალოდ, თავისი შეხედულებისამებრ, ჩათვლის, რომ მოქალაქემ შეიძლება ოდესმე, მომავალში, კანონმდებლობის რომელიღაცა პუნქტის დარღვევა გადაწყვიტოს. პოლიციელის ეს 'მოსაზრება' მოქალაქეთა იზოლატორში (მინიმუმ) 48 საათით გადაყვანის საფუძველი გახდება“, - ასე განმარტავს საბა ბრაჭველი ახალ ჩანაწერს.

საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი

საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი

ანალოგიურად კითხულობენ მას სხვა იურისტებიც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქუროდვანიძე ამბობს, რომ ცვლილების „მიზანი რეპრესიული ზომების კიდევ უფრო მეტად გავრცელება და გაძლიერებაა“.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი განმეორებითი სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით ჩნდება, სიტყვები „განმეორებითი სამართალდარღვევა“ იურისტებისთვის მხოლოდ სიტყვებია და დაკავებას ყველა შეიძლება დაექვემდებაროს.

რატომ?

აქ ორი მთავარი საკითხია, - ამბობს საბა ბრაჭველი:

  • თითქმის ყველას გაუჩნდა პირად საქმეებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, პოლიციის და სასამართლოს დახმარებით; განსაკუთრებით ბოლო დროს, დემონსტრაციების კვალდაკვალ;
  • სასამართლო ყველა გადაწყვეტილების დროს ღიად ამბობს, რომ რომ არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას.

28 ნოემბრის შემდეგ, პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

„რომც არ ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი წინა სამართალდარღვევა და ამ მუხლის საფუძველზე განმეორებითი სამართალდარღვების აღმოფხვრის მიზნით დააკავონ, სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს პოლიციელის არაკანონიერ მოქმედებას, პოლიციელი არ დაექვემდებარე სანქცირებას და ამ ადამიანის დაკავება არ იქნება წოდებული, როგორც უკანონო. ეს არის გაცხადებული პოზიცია საერთო სასამართლოსი, რაც ბევრი წელია გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და სასამართლო არ იღებს ხმას ამაზე“, - განმარტავს საბა ბრაჭველი.

მისთვის შექმნილი ვითარება ტექნოკრატიული ავტორიტარიზმის გამოხატულებაა, დისტოპიური რეალობაა, სადაც ადამიანებს თავისუფლების უფლებას ართმევენ.

„ცხადია, ეს ცვლილება სინამდვილეში იმ განუკითხაობის დაკანონებას ემსახურება, როცა შსს ადამიანებს სახლებიდან, მანქანებიდან, ქუჩიდან იტაცებს და იზოლატორებში მიათრევს. ამ ცვლილებებში სხვა სიგიჟეებიც წერია, მაგრამ ადამიანების პრევენციული მიზნით დაკავება მაინც გამორჩეულად გენიალური იდეაა. ალბათ, ჩვენს პოლიციელებსაც, ჰოლივუდის მსგავსად, წინასწარმეტყველური ტექნიკებით აღჭურავენ, თორემ მე ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენმა გმირმა(!) პოლიციელებმა, ამ მუხლის საფუძველზე, მოქალაქეთა შერჩევითად და უკანონოდ დაკავებები დაიწყონ...“, - ამბობს საბა ბრაჭველი.

კიდევ რა „სხვა სიგიჟე“ წერია კანონში?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად 9 დღეში დაამტკიცა. გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ძირითად პრობლემურ ცვლილებებს ფეისბუქის გვერდზე პუნქტებად აქვეყნებს:

1. თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა;

2. საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზარდა.

3. თუ აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, ყველას დაჯარიმებას შეძლებს 5000 ლარით (აქამდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იყო). ხოლო ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე ორგანიზატორად თუ მიიჩნია, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარი იქნება (აქამდე 5000 ლარი იყო). ეს წესი ვრცელდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევაზეც, მათ შორის, შენობების შესასვლელების ბლოკირებაზე. ასევე, ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;

4. აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც;

5. აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა,, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას - გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;

6. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა - გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;

7. თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ჩამდენად მიიჩნიეს, მის მშობელსაც დააჯარიმებენ შვილის კარგად ვერ აღზრდისთვის. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

8. დაკავების საფუძვლებს ასევე დაემატა პრევენციული დაკავება. ანუ თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდევ ჩაიდენს დარღვევას და ვარაუდის საფუძველზე დააკავოს;

9. პირი ასევე შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლოში მიიყვანონ, მიუხედავად იმისა, თავად უარს ამბობს თუ არა მისვლაზე. ამ საფუძვლით პოლიციას მაშინაც შეუძლია დააკავოს პირი, თუ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ არის საქმე შეტანილი;

10. ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

სახალხო დამცველის შეფასებით ცვლილებებიდან „რამდენიმე არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“. ამას გარდა, „საქართველოში მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იყოს ინდივიდებისათვის“, - აცხადებს ომბუდსმენი.

ქართულმა ოცნებამ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონიც“ შეცვალა, რითაც რეორგანიზაცია გაამარტივა, ისე, რომ ამ მოტივით გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საჯარო სამსახურის სისტემაში შემობრუნება ვეღარ შეძლოს, ან, სულ მცირე, გაუჭირდეს. ყველა შემთხვევაში პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართა.

სრულად წაკითხვა