24 წლის გალინა ნოზაძე, რომელსაც ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, კლინიკაში გარდაიცვალა. ის ჭიათურაში მამის გვერდით დაკრძალეს. სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თითქმის ერთი თვე კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსები უძლურები იყვნენ. 10 დეკემბერს გალინა კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ მომხდარის დეტალებზე ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, რომ უმძიმესი დანაშაული წელს, ნოემბერში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ საბედისწერო ღამით, ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. 27 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო ამ საქმის სასამართლო განხილვა, მაგრამ რადგან გალინა გარდაიცვალა, პროცესი გადაიდო. სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს დაუმძიმებენ და მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.
მადონა ნოზაძე (გარდაცვლილის და): „სამწუხაროდ, ჩემი და გარდაიცვალა. როგორ მქონდა იმედი, რომ გადარჩებოდა და თავისი შვილების გაზრდას შეძლებდა, მაგრამ ეს თავზარდამცემი ამბავი 10 დეკემბერს მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გაზრდილია, მასზე 9 წლით უფროსი ვარ. ჩემს კალთაში ეძინა ხშირად, სულ ჩემზე იყო მოწებებული. ვერ გადმოგცემთ სიტყვებით, რა დღეში ვართ.
თემურიმ და გალინამ ერთმანეთი ტელეფონით გაიცნეს ერთმანეთი. თემური ჩამოვიდა შემდეგ სოფელში, შეხვდნენ ერთმანეთს… მერე ჩემი დის დაბადების დღეზეც მოვიდა და წაიყვანა ცოლად. ჩემი დისთვის ეს მეორე ქორწინება იყო.
ჩემი და 10 დეკემბერს გარდაიცვალა, 11 დეკემბერს ჩემი დისშვილის, შუათანა ბავშვის დაბადების დღე იყო, 3 წლის გახდა. ბავშვები დედას ელოდებიან, ჰგონიათ ისევ საავადმყოფოშია და დედა დაბრუნდება.
ამ ამბიდან მეორე დღეს რეანიმაციაში ვნახე, უგონო მდგომარეობაში. სულ ბინტებში იყო გახვეული. 10 დღე ყოველდღე ცუდ ამბავს ველოდებოდით, გონზე რომ მოვიდა, იმედი გაგვიჩნდა, რომ გადარჩებოდა. ძალიან უჭირდა საუბარი, სიტყვების წარმოთქმის დროს დაძაბული იყო. სულ ბავშვებს კითხულობდა, ბავშვები დამანახეთო. სანამ დაიღუპებოდა წინა ოთხშაბათს მოვინახულე და ვუთხარი, არ ინერვიულო, ბავშვები კარგად არიან, ჩვენთან არიან, რომ გამოკეთდები ყველაფერს მოევლება-მეთქი. 25 წლის კლინიკაში გახდა, ფეხების გარდა ყველაფერი დამწვარი ჰქონდა. იმდენად დამწვარი იყო, ტანსაცმელსაც ვერ აცმევდნენ”, – განუცხადა “კვირის პალიტრა” მადონა ნოზაძემ.
წყაორ:savednews.cc