ლევან გაჩეჩილაძე იყო პარლამენტის წევრი, პრეზიდენტობის კანდიდატი.
საჯარო ცხოვრება მან 1994 წელს კომპანია „Georgian Wines and Spirits"(GWS)-ის დაფუძნებით დაიწყო.
1999 წელს პირველად გახდა დეპუტატი - 2002 წლამდე ის "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" წევრია, 2002 წელს კი დავით გამყრელიძესთან ერთად აფუძნებს პარტია "ახალ მემარჯვენეებს."
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლევან გაჩეჩილაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო. მიიღო ხმათა 25,7%. ოპოზიცია ამ შედეგს გაყალბებულად მიიჩნევდა და არ ეთანხმებოდა - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისმა ძმამ, გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე მომღერალმა „უცნობმა“, ტელეკომპანია „მაესტროზე“ დაიწყო გადაცემა „საკანი #5“. „საკნების ქალაქად“ დედაქალაქი თვეების განმავლობაში იყო გადაქცეული.
2025 წლის მაისში ლევან გაჩეჩილაძე სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოჩნდა, 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე სასაუბროდ - კომისია, რომელსაც იუსტიციის და კულტურის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, წინა ხელისუფლების, ენმ-ის მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს.