ბოლო ცნობებით, სამგზავრო თვითმფრინავში, რომელმაც სამხრეთ კორეაში კატასტროფა განიცადა, 181-იდან მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა, 179 კი დაღუპულად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტო Yonhap ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობით, ორივე გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია.
„ორივე მათგანი სეულის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც
მათ აეროპორტის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც Yonhap წერს, თვითმფრინავი თითქმის სრულად განადგურებულია და დაღუპულთა ამოცნობას დრო დასჭირდება.
„ბორტზე 82 მამაკაცი და 93 ქალი იმყოფებოდა. მათი ასაკი სამი წლიდან 78 წლამდე მერყეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს, სამხრეთ კორეაში რიგით მესამე ყველაზე მომაკვდინებელი ავიაკატასტროფაა მას შემდეგ, რაც 1983 წელს, საბჭოთა გამანადგურებელმა Korean Air-ის რეისი ჩამოაგდო მას შემდეგ, რაც ის რუსეთის საჰაერო სივრცეში გადავიდა და შედეგად, ბორტზე მყოფი 269 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1997 წელს, კორეის ავიახაზების თვითმფრინავი კუნძულ გუამზე ჩამოვარდა და 225 ადამიანი იმსხვერპლა.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Jeju Air-ის კუთვნილმა ბოინგ 737-800-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა იმ დროს განიცადა, როდესაც მუანის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. ოფიციალური პირების ვარაუდიდ, თვითმფრინავს შასი არ გაეხსნა, რაც სავარაუდოდ, ფრინველთან შეჯახების შედეგად იყო გამოწვეული. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე პირდაპირ კორპუსით დაეშვა რამდენიმე მეტრი ასე გაიარა, შემდეგ კი კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
საჰაერო ხომალდში 175 კი მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.