გასული წელი უკრაინისთვის რთული იყო, რა რეალობის წინაშეა კიევი 2025 წლისთვის

2 days ago 3

ორ თვეზე ნაკლებ დროში, 2025 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ომის მეოთხე წლის ათვლა დაიწყება. როგორი იყო გასული, 2024 წელი უკრაინისთვის და რა რეალობით ხვდება ის ახალ, 2025-ს? ფრონტის ხაზებზე ყველა მიმართულებით რთული ვითარებაა. მართალია, ევროკავშირი და ნატო უკრაინას გვერდში დგომას ძველებურად ჰპირდება, მაგრამ გაურკვეველია უკრაინის მთავარი მხარდამჭერის, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ბედი. ამერიკაში ხელისუფლება იცვლება, მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრადიციისამებრ, თეთრ სახლს ინაუგურაციის შემდეგ, 20 იანვარს დაიკავებს და საქმიანობასაც მაშინვე შეუდგება. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და ახლაც, ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

დასავლეთის მხარდაჭერის ბედი

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “დიდი შეცდომა” უწოდა 2024 წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიღებულ უკრაინისთვის ძალზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ევროპის რამდენიმე ლიდერთან ერთად, კიევისთვის ნება დაერთო, ამერიკული და ევროპული წარმოების შორი რადიუსის რაკეტებით, რუსეთის შიგნით იერიშები მიეტანა. Რითიც ტრამპმა მიანიშნა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ, შესაძლოა მან ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.

ტრამპი ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები “შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონ”, რათა მისივე სიტყვებით, დასრულდეს სასტიკი ომი, რომელმაც უკრაინა 2022 წლიდან მოყოლებული მოიცვა. ტრამპმა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების პირობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ დადო და დღესაც იმეორებს, რომ “შეეცდება” მისი შემდეგი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, რისთვისაც შესაძლოა, კომპრომისზე წასვლა ორივე მხარეს მოუხდეს.

“შეთანხმება უნდა შედგეს, ის უნდა შედგეს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ეს ომია. ძალიან ბევრი ადამიანი [დაიღუპა]… ისიც [ზელენსკიც] უნდა დათანხმდეს და პუტინიც”, - განაცხადა მან.

ომში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი ნახევარ მილიონს აჭარბებს. დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა კი შესაძლოა მილიონზე ბევრად მეტიც კი იყოს.

ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს ტრამპის მიერ კიევისთვის ამერიკული მხარდაჭერის შეწყვეტას. “უილსონის ცენტრის” ექსპერტის, უილიამ პომერანცის აზრით, ამას უკრაინისთვის “მნიშვნელოვანი სამხედრო შედეგები” მოჰყვება და შესაძლოა, ტრამპი ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს დააპირისპიროს კიდეც:

“ვხედავ შესაძლო დაპირისპირებას ნატოს წევრ მოკავშირეებსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის იმაზე, თუ როგორი იქნება ომის მომავალი. გულწრფელად გეტყვით, როდესაც ტრამპი მოლაპარაკებებზე საუბრობს, ეს სინამდვილეში უკრაინის [მასში] ჩართვას და დანებებას ნიშნავს, მაგრამ რუსეთს ის რეალურად არანაირ პირობებს არ უყენებს.”

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დახმარების გაგრძელებას, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში ურყევი იქნება:

„ნატოს მხარდაჭერა რკინასავით მტკიცეა. ეს ვიცი ჩემი ქვეყნის, ნიდერლანდების მაგალითზე. ნახეთ, რა ჰქნა გერმანიამ... საფრანგეთი აიღეთ, ბრიტანეთი, მთელი ევროპა, ნებისმიერი ნატოს მოკავშირე. თქვენთან ერთად ვართ, გვსურს, რომ ძლიერ პოზიციაზე იყოთ, რომ ერთ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეთ... ამაზე ვიმუშავებთ [ამერიკის] ახალ ადმინისტრაციასთანაც“.

ვითარება უკრაინის ფრონტის ხაზებზე

უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, ფრონტის ხაზებზე ვითარება კიევისთვის რთულია. რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე, 2024 წელს უკრაინამ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა. რუსეთის ძალები რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდნენ: ჩრდილო-აღმოსავლეთით - ხარკივის ოლქისკენ და აღმოსავლეთში - დონეცკისკენ. რუსებმა წელს რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი დაიკავეს, მათ შორის ავდიივკა და ვუჰლედარი.

2024 წელს უკრაინასაც ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატება. აგვისტოში, ჩრდილოეთ საზღვრის მხარეს, უკრაინის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრნენ და რუსეთის ტერიტორიის ნაწილს დღემდე აკონტროლებენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების ათასობით ჯარისკაცი ჩაიყვანა, „როიტერის“ ცნობით, უკრაინამ მოპოვებული ტერიტორიის დაახლოებით 40% დაკარგა.

როდესაც უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა ის მზად, ცეცხლი შეწყვიტოს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამისთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობის გეგმის ნახვა დასჭირდება. ბრიუსელში ბოლო ვიზიტისას, ზელენსკიმ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ომის დასრულებაში ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ჩართვას.

„პრეზიდენტი ტრამპი ძლიერი ადამიანია და ძალიან მინდა ის ჩვენ მხარეს იყოს... მსურს, მას ომის დეტალებზე მოვუყვე, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის არ იყო ამ ომში, არ იყო მაშინ პრეზიდენტი... დიდი სურვილი მაქვს ტრამპი ამ ომის დასრულებაში დაგვეხმაროს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პოზიცია

2024 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისადმი მზაობა რუსეთის პრეზიდენტმაც გამოთქვა. ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ის ამისთვის წინაპირობებს არც კი წამოაყენებს.

თუმცა, პუტინი იქვე შენიშნავს, რომ ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეიძლება. ეს კი კრემლის აზრით, პარლამენტია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში საომარი ვითარების გამო, დანიშნულ დროს ვერ ჩატარდა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტი გამუდმებით საუბრობდა უკრაინის იმ 4 რეგიონზე, რომლებსაც ის რუსულ ტერიტორიად მიიჩნევს.

“პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მზად ვართ ორივესთვის - მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის… ბოლოს და ბოლოს შეთანხმებას ხომ სტამბოლში 2022 წლის ბოლოს ერთხელ უკვე მივაღწიეთ… ჩვენ კი მზად ვართ, მაგრამ მეორე მხარეც უნდა იყოს მზად როგორც მოლაპარაკებების, ისე - კომპრომისებისთვის”, ,-აცხადებს პუტინი.

რამდენად გულწრფელია პუტინი?

რაც უნდა ულმობელი აგრესორი იყოს ის, საკუთარ, საშინაო პოლიტიკაში რუსეთის პრეზიდენტს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ უკრაინასთან ომისთვის წერტილის დასმა სურდეს, ამბობს ჩარლზ კუპჩანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და “საგარეო პოლიტიკის ცენტრის” უფროსი მკვლევარი. მისი აზრით, შეთანხმების შემთხვევაში პუტინს შეეძლება იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მან დაიცვა რუსულენოვანი, ეთნიკურად რუსი მოსახლეობა და რომ კრემლის მისია წარმატებით დაასრულა.

“უკვე რა ხანია, პუტინი ომის შეთანხმებით დასრულების პოტენციურ შესაძლებლობაზე საუბრობს. მაგრამ მის მიერ წარდგენილი მოთხოვნები უკრაინელებისთვის სრულებით მიუღებელია… პუტინმა იცის, რომ არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასრულებას მიზანდასახულად ცდილობს. სავსებით შესაძლებელია, პუტინი მომდევნო თვეებში ომის შეწყვეტას დათანხმდეს. არ მგონია, რომ ტერიტორია იყოს დიდი პრობლემა. ეს ბევრი ნიშნით ყველაზე ადვილი გადასაჭრელი იქნება - რუსები გააკონტროლებენ იმას, რასაც უკვე აკონტროლებენ, უკრაინელები კი ქვეყნის დანარჩენ ნაწილს გააკონტროლებენ… უფრო რთული გადასაწყვეტი იქნება პუტინის დამატებითი მოთხოვნები და შეძლებს თუ არა ტრამპი ზელენსკისა და ევროპელი მოკავშირეების ამ მოთხოვნებზე დაყოლიებას”, - ამბობს კუპჩანი.

თეთრი სახლის პოზიცია

ვაშინგტონი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უფლებამოსილების დასრულებამდე რუსეთთან თავდაცვით ომში მყოფი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას ცდილობს. წლის ბოლო დღეებში, 30 დეკემბერს თეთრმა სახლმა უკრაინის დახმარების მიზნით, განცხადება მორიგი სამგანზომილებიანი პაკეტის შესახებ გააკეთა.

დახმარების პაკეტში შედის დამატებით 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უკრაინის სამხედრო ძალებისთვის და 1.22 მილიარდი დოლარის მოცულობის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა. თეთრი სახლის განცხადებიდან რამდენიმე საათში სახელმწიდო ხაზინამ უკრაინისთის ცალკე 3,4 მილიარდის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რომელიც უშუალოდ ქვეყნის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვისაა გათვალისწინებული.

სავარაუდოდ, ეს მხარდაჭერის ბოლო პაკეტია, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია გასცემს. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ადმინისტრაცია შიშობს, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. „ჩემი მითითებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა თანამდებობაზე დარჩენილი დროის განმავლობაში, ამ ომში უკრაინის პოზიცია გააძლიეროს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მოლოდინი

ვაშინგტონში მოელიან, რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ ბრუნდება, უკრაინაში ომის დასრულების საკითხს დღის წესრიგში პოსტის დაკავების შემდეგ, ძალიან მალე დააყენებს. შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ამერიკელთა განწყობები იცვლება. დეკემბრის ბოლოს „გალოპის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით, უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება ახლა გაცილებით მეტ ამერიკელს სურს, ვიდრე დაპირისპირების ნებისმიერ სხვა ეტაპზე.

ვაშინგტონში დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიაზე საპრეზიდენტო ფიცს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამიოდ კვირაში, 20 იანვარს დადებს. ამასობაში, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლების გადაცემამდე მაქსიმალურად ცდილობს უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი სახსრები დროულად გახარჯოს და დაპირებული დახმარება უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს.

სრულად წაკითხვა