WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე პარტიის წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ დააყენა.

სიჭინავას განმარტებით, პარტიას შესაგებლის მოსამზადებლად გონივრული ვადა არ მიეცა. მისი თქმით, ამისთვის მინიმუმ ერთი თვე იყო საჭირო.

მოსამართლე რევაზ ნადარაია დაინტერესდა, საიდან უნდა ათვლილიყო აღნიშნული ვადა — 13 ოქტომბრიდან, როდესაც სარჩელი დარეგისტრირდა, თუ დღევანდელი დღიდან. სიჭინავამ განმარტა, რომ ერთთვიანი ვადა 13 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს.

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შუამდგომლობის განსახილველად სათათბიროდ არის გასული.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მესამე დღეა მიმდინარეობს. პროცესის პირველი ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დრომდე ვერ მიიღეს განმარტება, კონკრეტულად რა სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა „ქართული ოცნების“ სარჩელი.

გუშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ სასამართლო სხდომები დაჩქარებული წესით, მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. სარჩელის საფუძველზე სასამართლო ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვის საკითხს განიხილავს. ეს პარტიებია:

„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“;

„კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;

„ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;

„ფედერალისტური პარტია“;

„გახარია საქართველოსთვის“.