გერმანია სამხედრო ბაზებზე რუსეთის ჯაშუშობის სავარაუდო შემთხვევებს იძიებს

17 hours ago 4

გერმანიის პოლიციამ რუსეთის შესაძლო ჯაშუშობის შესახებ ახალი გამოძიება დაიწყო. ეს ბავარიაში რამდენიმე სამხედრო ობიექტის სიახლოვეს დრონების შენიშვნის შემდეგ მოხდა.

ბავარიის კრიმინალური გამოძიების სახელმწიფო სამსახური გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში გამორიცხული ვერ იქნება ის, რომ გერმანიის სამხედრო ობიექტები და თავდაცვის კომპანიები დრონების ჯაშუშობის სამიზნეა.

ბოლო ასეთი ინციდენტი კვირას, 12 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც დრონი ბავარიაში ერთ-ერთი სამხედრო ბაზის მახლობლად პოლიციამ შენიშნა. პოლიციის ცნობით, ბაზა ვრცელ ტერიტორიას მოიცავს, სადაც გერმანიის შეიარაღებული ძალები ახალ საფრენ მოწყობილობებსა და საჰაერო საშუალებებს, მათ შორის უპილოტო აპარატებს ცდის.

დრონები ამავე ბაზის თავზე დეკემბერშიც, სამი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დააფიქსირეს. კიდევ ერთი არაავტორიზებული გადაფრენა იმავე თვეში სამხედრო დაწესებულების თავზე, სხვა ქალაქშიც მოხდა.

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ დეკემბერში კომპანიები გააფრთხილა, რომ მათ თანამშრომელთა თუ კონტრაქტორთა შორის შესაძლოა რუსეთის მიერ დაქირავებული პირებიც იყვნენ, რომელთა მიზანიც საბოტაჟის მოწყობა იქნება. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.

სრულად წაკითხვა