გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ განაცხადა, რომ საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტები არ დამტკიცდება ან ამოქმედდება და არც სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას „2028 წლამდე“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე.
განცხადება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე გაკეთდა, რასაც წინ უძღოდა რამდენიმე ანტიდემოკრატიული კანონის მიღება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცემა, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების ბრალდებები და კობახიძის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. ამ მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულებასთან დაკავშირებით.
მანამდე გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა გააფრთხილა, რომ საქართველოს ჩამოშორება ევროკავშირის ღირებულებებისგან უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს და ამის მაგალითად მოიყვანა კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის“ გასვლა ქართული ბაზრიდან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია ძირს უთხრის საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს და შემდგომი იზოლაციის საფრთხეს ქმნის.
მიხაელ როთმა, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერმა, ევროკავშირს გადამწყვეტი სანქციების დაკისრებისკენ მოუწოდა იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლების დარღვევაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლთა მხარდაჭერის მნიშვნელობას.
19-20 ნოემბერს თბილისში ვიზიტისას, გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრეიტერმა გააფრთხილა, რომ დემოკრატიისა და ევროკავშირში ინტეგრაციისგან საქართველოს გადახვევა „მკაფიოდ და უარყოფითად აისახება“ ორმხრივ ურთიერთობებზე. ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დახმარებით გერმანია მეხუთე ადგილზეა.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/12/2024 – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ: ძალადობის შესახებ ცნობები „საგანგაშოა“
- 02/12/2024 – ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ ივანიშვილსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს
- 02/12/2024 – სენატორები შაჰინი და რიში შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ძალადობის გამო, ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური)