გერმანიაში დაიწყო სასამართლო პროცესი ისლამისტური ტერაქტების საქმეზე, რომელშიც სამი მოზარდია ბრალდებული

1 week ago 2

დიუსელდორფში დაიწყო პროცესი დაგეგმილი ისლამისტური ტერაქტების საქმეზე, რომელშიც გერმანიის მოქალაქე სამი არასრულწლოვანია ბრალდებული.

გამომძიებლების ინფორმაციით, 16 წლის გოგო და 15 და 17 წლის ბიჭები გასულ გაზაფხულზე ქრისტიანულ ეკლესიებზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. დანაშაულის სავარაუდო ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, სამივე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დააკავეს.

სასამართლო პროცესი დახურულია, ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვანები არიან.

სამივეს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი მძიმე დანაშაულის მომზადება ედება ბრალად. ორმა ბრალდებულმა გეგმებზე უკვე წინასასამართლო გამოძიების პროცესში ისაუბრა დეტალურად. ბრალდებულები სოციალურ ქსელებში - ტელეგრამში, Session-სა და Discord-ში - განიხილავდნენ სასამართლოებზე, მატარებლის სადგურებსა და პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმის გეგმებს.

საბოლოოდ, ბრალდებულები ტერორისტული თავდასხმების ეკლესიებში განხორციელებაზე შეთანხმდნენ. თავდასხმების შესაძლო ადგილებს შორის განიხილებოდა ქალაქები დორტმუნდი, კიოლნი, დიუსელდორფი და იზერლონი.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დროს, ერთ კვირა დღეს ბრალდებულები ეკლესიაში შეჭრას, იქ სროლისა და დანით თავდასხმის მოწყობას გეგმავდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულები, სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით ტაძრებში ხანძრის გაჩენას აპირებდნენ. არასრულწლოვანები ერთმანეთში ასევე განიხილავდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენასა და წარმოებას.

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის სამსახურმა ეჭვმიტანილთა ჯგუფზე ყურადღება მას შემდეგ გაამახვილა, რაც არასრულწლოვანმა გოგომ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანების მიზნით, სირიაში გამგზავრების განაცხადი შეიტანა. მან ერთ-ერთ თანამზრახველს უამბო თავისი გეგმების შესახებ - ის ჯერ არ უპოვია პოლიციას. გამომძიებლებმა ტერორისტული თავდასხმების ორგანიზების გეგმების შესახებ გოგოს მობილური ტელეფონის "ჩათების" მონაცემთა ანალიზის შედეგად შეიტყვეს.

სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. დაგეგმილია ორმოცზე მეტი მოწმის მოსმენა.

სრულად წაკითხვა