2026 წლის აგვისტოდან საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება. ინფორმაციას აქვეყნებს საელჩო.
ფოსმა დიპლომატიური საქმიანობა 1992 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც დაამთავრა სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.
გერმანიის ახალი ელჩი სხვადასხვა დროს მუშაობდა:
- 2023-2026 - გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი;
- 2019-2023 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2015-2019 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;
- 2012-2015 - გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
- 2009-2012 - გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული;
- 2006-2009 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;
- 2005-2006 - მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის;
- 1996-2005 - გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში ნიუ იორკში/აშშ;
- 1992-1996 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი.
წინა ელჩს, პეტერ ფიშერს უფლებამოსილების ვადა 2026 წლის ივნისში ამოეწურა.
„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”(მომავალ შეხვედრამდე)“, - დაწერა მან 30 ივნისს გამოსამშვიდობებელ პოსტში.
- პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს;
- ამის გამო ყოფილი ელჩი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.
radiotavisupleba ახალი ამბები