გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

1 week ago 9

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა, რომელმაც თბილისში ვიზიტი 13 იანვარს დაიწყო, უკვე გამართა შეხვედრები ქართული ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებთან და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეა, მხარდაჭერა გამოხატა მიმდინარე საპროტესტო აქციების, ასევე „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ დასავლური სანქციების მიმართ.

მიხაელ როთმა საქართველოს ამჟამინდელი კრიზისი დაახასიათა როგორც „სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის“. „გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ შექმნილი სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი არის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ნდობის აღსადგენად“, – განაცხადა როთმა ვიზიტის პირველ დღეს.

მან ასევე განაცხადა, რომ „ამ რეჟიმით მე ვერ ვხედავ საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები ახალი ლეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტისთვის, რომელიც ქუჩაში თავისუფლებისთვის გამოსული ხალხის სახელით ისაუბრობს“.

მომიტინგეებზე საუბრისას როთმა აღნიშნა: „ისინი არ მართავენ აქციას უფრო მაღალი პენსიებისთვის ან უკეთესი კეთილდღეობისთვის. ისინი აქციას მართავენ ევროპული ღირებულებებისთვის და ამიტომ ვამბობ, რომ თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“.

„დიდად ვაფასებ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევებზე, არჩევნების გაყალბებასა და კონსტიტუციის დარღვევაზე. და მინდა მოვუწოდო ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს ევროკავშირში, გააგრძელონ ქართველი ხალხის გვერდით დგომა“, – განაცხადა მან და მიესალმა ოპოზიციის გაერთიანებას „ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მკაფიო მოთხოვნით“.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ბიძინა ივანიშვილის მიმართ აშშ-ის პოტენციური მხარდაჭერის შესახებ სპეკულაციებზე საუბრისას როთმა განაცხადა, რომ ასეთი მოლოდინები „არაგონივრულია“ და დასძინა, რომ ტრამპთან დაახლოებულმა პოლიტიკოსებმა უკვე დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს.

შეხვედრა ოპოზიციასთან

გერმანელ დეპუტატთან შეხვედრის შემდეგ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გერმანელი პარტნიორები ქართველებისგან მეტ აქტიურობას, მეტ პროტესტსა და მეტ ერთიანობას ელიან. ვაშაძის თქმით, გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით ცალმხრივ გადაწყვეტილებებს იღებს და არ ელოდება ბრიუსელის გადაწყვეტილებას, მათ შორის სავიზო შეზღუდვების თაობაზე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხაელ როთი აქტიური პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს, იგი მაინც იქნება ჩართული საქართველოს საკითხებში, გერმანიაში არსებული მისი ფართო პოლიტიკური ქსელის მეშვეობით, რომლის მიზანიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზის მხარდაჭერაა.

საპროტესტო აქციაზე მისვლა

13 იანვარს, გვიან საღამოს, როთი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შეუერთდა. მოგვიანებით კი მან X-ზე დაწერა, რომ „47 დღეა ქართველები ყოველ საღამოს უწყვეტ აქციას მართავენ ევროპული საქართველოსთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ისინი გამოდიან იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ევროპული ცხოვრების წესის ნაცვლად რუსული ცხოვრების წესის ერთგულია. მე ვამაყობ და მოხარული ვარ, რომ ვუერთდები მათ“.

მიხაელ როთის ვიზიტი გრძელდება და მასალაც შესაბამისად განახლდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა