გესვრიან სიტყვას ტყვიასავით და აღარ აინტერესებთ შენი პასუხი – გიორგი პავლიაშვილი

5 hours ago 2

წაკითხვა: 7

მუსიკოსი გიორგი პავლიაშვილი (მასტერი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“იმღერებ და რა გამღერებს, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე ვითარებააო, რა გეახალწლება და რა გეზეიმებაო. მერე საჯაროდ დადებულ შენ ჰონორარს ვითომ გამოქექავენ და მნიშვნელობა არ აქვს 1500 ლარს იღებ თუ 32000 მაინც ერთნაირად გაილანძღები. რაც ყველაზე მწარეა, ყველა გაჭირვებული, მშიერი ოჯახისა თუ ბავშვის ცოდვას შენ გადებენ.

არ იმღერებ, უარს იტყვი და დაგცინიან ოხ ღამეები არ დაგვეძინება ამაზე დარდითო, ნეტავ ვის რაში სჭირდება შენი სიმღერა და საერთოდ გიცნობს ვინმე რას წარმოადგენო? შეგვარგეთ ერთი ახალი წელიო…

თან მომღერლობა და ზოგადად ხელოვანი ადამიანის საქმე ხომ მხოლოდ გართობასთან და “ტინგიცთან” ასოცირდება. ყოველთვის აგდებულად უყურებენ ამ პროფესიას. არავის აინტერესებს რა დრო გაქვს დათმობილი ამ საქმიანობისთვის, რა შრომა გაქვს გაწეული და რა ინვესტიცია ჩადებული. საზოგადოების აზრით მგონი მომღერლებს არც კომუნალური გადასახადები აწუხებთ, არც ბანკის ვალი და არც საოჯახო-საყოფაცხოვრებო პრობლემები.

ერთი სიტყვით, ორივე შემთხვევაში გლანძღავენ, უფროსები გწყევლიან, უმცროსები გაგინებენ. უკვე იციან რომ არც არაფერი მოეკითხებათ, რადგან ეს უკვე ჩვეულებრივი მომენტია. სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერილმა კომენტარმა დიდი ხანია ფასი და ძალა დაკარგა…

ჩემს სუბიექტურ აზრს ვიტყვი, შეიძლება ვცდები კიდეც მაგრამ ჩემი აზრი ასეთია… ვინც ფიქრობს რომ საქართველო პუტინის დაქვემდებარებაშია და რუსეთის პირდაპირი დავალებებით იმართება, მან ალბათ არ უნდა ითანამშრომლოს საბიუჯეტო – მუნიციპალურ კონცერტებზე… მე პირადად მომხრე ვარ რომ ერთ კონცერტზე მღეროდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და მრწამსის ადამიანები, მაგრამ პირადად მათი გადასახედიდან როგორ იქნება ეს? – თან პუტინის ოფიციალურ გუბერნიას ეძახი ქვეყანას და თან ამ გუბერნიის ბიუჯეტიდან ფულს იღებ? არ ვიცი…

მეორე მხრივ მათაც აქვთ თავის მოსაზრება – თუ პირობითად ვიღაც ადამიანი საპროტესტო აქციაზეც დგას და სამსახურშიც დადის (ეს იქნება ბანკი, აფთიაქი, მარკეტი თუ ნებისმიერი ორგანიზაცია) რატომ არ შეიძლება მომღერალმაც იმღეროს კონცერტზე მითუმეტეს მაშინ, როცა ყველა არტისტი მთელი წელი დეკემბერს და საახალწლო კონცერტებს ელოდება.

ის მომღერლები კი, ვინც ასეთ ტრაგიკულ ფერებში არ აღიქვამენ ქვეყნის პოზიციონირებას და საგარეო კურსს – არ ეჯახებიან აღნიშნულ ბარიერს და შეუძლიათ გავიდნენ და იმღერონ საახალწლო კონცერტებზე, სადაც ასევე უამრავი ახალგაზრდა დადის – პრობლემა რა არის ამაში? მე პირადად არ ვთვლი რომ რუსეთის გუბერნია ვართ. რა ვქნა, ევროკავშირის თითის ქნევა ჩემთვის ავტომატურ რუსეთის მონობასთან არ ასოცირდება. ისიც მაეჭვებს რომ ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარ ქვეყნებში აქვთ კრიზისი და იცლიან ჩვენს საქმეში ხელის საფათურებლად.

ყველა შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანს მისი ცხოვრება და არჩევანი აქვს. ყველას საკუთარი სინდისი და პასუხისმგებლობები გააჩნია. ყველას თავის ჯვარი აქვს სატარებელი, მაგრამ ვშიშობ რომ მსგავს ქრისტიანულ მიდგომებს ნელ-ნელა სახე ეკარგება, რადგან ადამიანები ერთმანეთს აღარ უსმენენ – მხოლოდ ებრძვიან.

გესვრიან სიტყვას ტყვიასავით და აღარ აინტერესებთ შენი პასუხი! შენ ხარ გამყიდველი, რუსეთის მონა და მორჩა! … ვერც მომღერლებს დავეთანხმები აგრესიულ საჯარო კომენტარებში კოლეგების მიმართ… აზრის დაფიქსირება ერთია, მაგრამ დააძალო ადამიანს ჰქონდეს ზუსტად შენნაირი შეხედულება ყველა საკითხზე და ამის გამო ლანძღო, არის აბსურდი და ფაშიზმი!

მგონი სჯობს მოვიშოროთ ეს სიძულვილის ენა და პატივი ვცეთ ადამიანების განსხვავებულ პოზიციებს. როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ვოლტერი ამბობდა: “მე შეიძლება არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ თავს გავწირავ იმისათვის რომ, გქონდეთ ამ აზრის გამოხატვის უფლება”!”– წერს მასტერი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა