მოსარჩელეებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰკითხეს, უჭერენ თუ არა მხარს „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მიაჩნიათ თუ არა სისტემურად ადამიანის უფლებების დარღვევა 2004–2012 წლებში და ვის მიიჩნევენ პოლიტპატიმრად.
კითხვა ტელეკომპანიების დასანქცირებაზე
„მხარს უჭერთ თუ არა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორი ქართული კერძო მაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქციებს?“ – ჰკითხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ მოპასუხე პარტიებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ გორდულაძეს სთხოვა, აეხსნა, რა კავშირი ჰქონდა ამ ორი ტელეკომპანიის დასანქცირებას საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგთან. თავად გვარამიამ ორივე მაუწყებელს პროპაგანდისტული უწოდა და თქვა, რომ სანქციებს მხარს უჭერს. მან ისაუბრა იმაზეც, როგორ აშუქებს „იმედი“ მის საქმიანობას და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაც ახსენა.
„რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! ამ ჩემს ფეხებს, უკაცრავად!“ - თქვა გვარამიამ.
„წყევლაზე გადახვედით?“ - ჰკითხა მას სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ. გვარამიამ უპასუხა, რომ ეს წყევლა არ ყოფილა.
ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ გორდულაძემ გვარამიას სიტყვები შეაფასა როგორც ოპოზიციის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ – მისი თქმით, რაც მათთვის მიუღებელია, იქ „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“.
„მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან?“ – თქვა გორდულაძემ.
სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა სანქციებზე კითხვის მოხსნა ითხოვა. გორდულაძემ განმარტა, რომ სანქციების მოთხოვნა სარჩელში დასახელებული ერთ-ერთი გარემოებაა და აინტერესებდა, როგორ უყურებენ მოპასუხეები სანქციების დაწესებას, როცა საქმე ორ მაუწყებელს ეხება. ნადარაიამ კითხვა არ მოხსნა - მისი თქმით, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია პარტიების პოზიცია გამოხატვის თავისუფლებაზე.
ბიბილაშვილმა თქვა, რომ, როგორც მოქალაქე, მხარს უჭერს მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეზღუდოს რუსული პროპაგანდის გავრცელება.
გიგა ლემონჯავამაც თქვა, რომ გადაწყვეტილებას იწონებს, თუმცა დაამატა, რომ ბრიტანეთის სანქციები ქართული პარტიების თანხმობაზე ისევეა დამოკიდებული, როგორც ის, იწვიმებს თუ არა სამ საათზე.
„ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ამ კონტექსტში სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
დიდმა ბრიტანეთმა „იმედსა“ და „პოსტივის“ სანქციები 2026 წლის 24 თებერვალს დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ორივე ტელეკომპანია განზრახ ავრცელებდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
იყო თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევა სისტემური?
სხდომის დასაწყისში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა ტრიბუნით სარგებლობა ითხოვა და მოპასუხეებისთვის კითხვის დასმამდე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრა. მათ შორის იყო სანდრო გირგვლიანის, სერგო შავაძისა და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები. ჭეიშვილი მოპასუხეებს ეკითხებოდა, აჩვენებდა თუ არა ეს საქმეები, რომ 2004–2012 წლებში ადამიანის უფლებები სისტემურად ირღვეოდა.
კამათი ჯერ კითხვის ფორმატს მოჰყვა. გიორგი კახიანმა განმარტა, რომ მოსარჩელეები დროის დაზოგვას ცდილობდნენ და ამიტომ რამდენიმე საქმეზე ერთ კითხვას სვამდნენ.
„ეს არის პოლიტიკური კომუნიკაცია მაყურებელთან“, - თქვა გვარამიამ.
ზაზა ბიბილაშვილმა მოითხოვა, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხეებსაც მისცემოდათ ვრცელი პასუხის შესაძლებლობა. მან თქვა, რომ ჩამოთვლილი საქმეები სისტემურობის დასადგენად საკმარისი არ იყო. მისი შეფასებით, ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში მდგომარეობა 2003 წლამდე უარესი იყო, 2012 წლის შემდეგ კი თანდათან გაუარესდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა იკითხა, რა მტკიცების სტანდარტით უნდა დაუკავშიროს სასამართლომ კონკრეტული პირების დანაშაულები პარტიის საქმიანობას და შეიძლება თუ არა წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო პარტია დღეს აიკრძალოს.
გიორგი სიორიძემ თქვა, რომ უფლებების სისტემურ დარღვევებზე საუბრისას ის 2004–2026 წლებს ერთიანად განიხილავს.
ბერდია სიჭინავას თქმით, თუკი სასამართლო სისტემურ დარღვევებს აფასებს, მაშინ უნდა იმსჯელოს სასამართლო ხელისუფლების როლზეც, რომელსაც მოქალაქის უფლებები უნდა დაეცვა.
„არ ვაუქმებთ! ვიხილავთ. შედეგი რა იქნება, დაელოდეთ“
ნადარაიასა და ბიბილაშვილს შორის კამათი მოჰყვა ბიბილაშვილის სიტყვებს, რომ სასამართლო ოპოზიციურ ძალას „აუქმებს“. ბიბილაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება მოიშველია - „პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ ვაუქმებთო“.
„პრემიერმა რაც თქვა, პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო“, - უპასუხა ნადარაიამ. მან ბიბილაშვილს უთხრა, რომ „პროვოკატორობს“ და გააფრთხილა, რომ სარჩელის განხილვის წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებად წარმოჩენას სასამართლოსადმი უპატივცემულობად მიიჩნევდა.
„არ ვაუქმებთ! ვიხილავთ. შედეგი რა იქნება, დაელოდეთ“, - თქვა ნადარაიამ.
„ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც მე მჯერა პრემიერ ირაკლი კობახიძის“, – უპასუხა ბიბილაშვილმა. ნადარაიამ მას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკოსების განცხადებებს არ განიხილავდა.
კამათი გამწვავდა, როცა დარბაზში ხახუბიას გვარი ახსენეს. გორდულაძემ გააპროტესტა მმართველი პარტიის მისამართით გამოთქმული ბრალდება და თქვა, რომ საუბარი მათი გუნდის წევრსა და მისი ოჯახის ტრაგედიას ეხებოდა. „თითქოს ჩვენ მოვკალით… ჩვენთვის ამის მოსმენა შეუძლებელია“, – თქვა მან.
2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია. მას დაუმორჩილებლობის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ბექა ხახუბია საკუთარი ავტომობილით შეეჯახა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პოლიციელი და მათ პატიმრობა მიუსაჯა.
საკუთრების ჩამორთმევა და აქციაზე დაკავებულის საქმე
გიორგი კახიანმა ცალკე იკითხა, ჰქონდა თუ არა სისტემური ხასიათი საკუთრების უფლების დარღვევას. მისი მონაცემებით, პროკურატურის შესაბამისმა დეპარტამენტმა დაზარალებულად ცნო 488 მესაკუთრე, მათგან 335-ს კი დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდა. მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ უფლებების სისტემურ დარღვევაზე უკვე უპასუხეს. ნადარაიამ კითხვა მოხსნა.
თენგიზ შარმანაშვილმა მოპასუხეებს ჰკითხა, მიიჩნევდნენ თუ არა პოლიტპატიმრად გიორგი მინდაძეს. შარმანაშვილის თქმით, სასამართლომ მინდაძეს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა იმისთვის, რომ 2024 წლის 29 ნოემბრის აქციაზე პოლიციელის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლა და ფეხში მოარტყა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა უპასუხა, რომ კონკრეტულ საქმეს არ იცნობდა და ამიტომ ვერც დადებით და ვერც უარყოფით პასუხს ვერ გასცემდა. მოპასუხეებმა სადავოდ მიიჩნიეს ისიც, რა კავშირი ჰქონდა მინდაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს მათი პარტიების აკრძალვის მოთხოვნასთან.
radiotavisupleba ახალი ამბები