მილერმა კვლავ "ღრმა შეშფოთება" გამოხატა ქართული დემოკრატიის მდგომარეობისა და იმ ქმედებების გამო რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის"
"პარასკევს 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებებიც გვექნება უახლოეს კვირებში... გვექნება სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით", - თქვა მილერმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები.
მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.
12 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, ვიზების გაცემა აიკრძალა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის.
მეთვრამეტე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.