პროტესტის ნიშნად ქუჩაში დგომას აგრძელებენ გორელებიც. მოქალაქეები ყოველ დღე ადმინისტრაციული შენობის წინ იკრიბებიან და როგორც ამბობენ, ამით საკუთარი პოზიციის სიმტკიცეს და ურყეობას გამოხატავენ.
შეკრების, ერთმანეთში მოსაზრებების გაცვლის და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირების პარალელურად, ადგილობრივებმა პერფომანსების მოწყობაც დაიწყეს – მათ ქალაქის მთავარი ნაძვის ხეს სხვადასხვა საპროტესტო წარწერებით მორთეს და ადმინისტრაციული შენობის წინ ცხოველების ფორმის გასაბერი ბუშტები ჰაერში გაუშვეს.
“ეს იყო აქცია-პერფორმანსი, რომლის მიზანიც იყო კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა, რომ გორელები უერთდებიან ერთიან პროტესტს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ცინიკური და არასერიოზულია არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ბიძინას მორიგი ზებრას ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად არჩევა. ჩვენ ვუერთდებით მთლიანი საზოგადოების მოთხოვნას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით”, – თქვა ლექსო ვალიაურმა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მორჩილი ადამიანების შემოკრებას ცდილობს.
“ბიძინა ივანიშვილმა მორიგი ცირკი გამართა საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ასეთი პერფორმანსით ავსახეთ ეს ყველაფერი. ჩვენ არ უნდა დავუძახოთ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტი, ის ამიერიდან არის მიხეილ რუსი, რადგან ის არის პუტინის მიერ დანიშნული და ბიძინას ზებრა“, – განაცხადა თეონა ფანქველაშვილმა.
“ქართული ოცნების” პოლიტიკას მოქალაქეები რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილად აფასებენ, თუმცა სჯერათ, რომ საზოგადოება ამას არ შეეგუება.
“სრული ტოტალური კონტროლისთვის დარჩა ერთადერთი: დაგვაჯერონ, რომ ბრძოლას და პროტესტს აზრი აღარ აქვს. სწორედ, ამას ეხება ჩვენი პროტესტი – რომ არ ვეგუებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ქვეყნის გასაბჭოების წინააღმდეგ. ეს უნდა იცოდეს ივანიშილმაც და ამას უნდა გრძნობდნენ კრემლშიც“, – ოთარ კვირიკაშვილი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და საკუთარი გზავნილების ფართო საზოგადოებამდე მიტანისთვის სხვადასხვა აქტივობებსაც დაგეგმავენ.