„გზის განმეორებითი გადაკეტვისთვის“ დაკავებულ მომიტინგეს ზურაბ მენთეშაშვილს ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა

4 hours ago 4

61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის „გზის განმეორებითი გადაკეტვისთვის“ დამნაშავედ ცნო. ეს პირველი განაჩენია ახალი წესების თანახმად, რომლითაც პროტესტთან დაკავშირებული განმეორებითი დანაშაული სისხლის სამართლის წესით ისჯება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი 29 მაისს გამოიტანა. მენთეშაშვილს, რომელიც უკვე შვიდი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ორი თვე დარჩა მოსახდელი და საპატიმროს, სავარაუდოდ, აგვისტოში დატოვებს.

მენთეშაშვილი პირველად 2025 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს ანალოგიური ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა. გათავისუფლების შემდეგ, იგი ამავე ქმედების განმეორებით ჩადენის გამო ხელმეორედ 31 ოქტომბერს დააკავეს, რასაც საქმის სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მოყვა.

მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრების შემდეგ მენთეშაშვილმა გარკვეული პერიოდით შიმშილობა გამოაცხადა.

„მიყვარს ჩემი სამშობლო, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ… ეს [ქუჩის გადაკეტვა] თუ დანაშაული ყოფილა, არ ვიცოდი… აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, მეოთხედ დამიჭირეთ თუ გინდათ“, – განაცხადა მენთეშაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავის საბოლოო სიტყვაში.

კიდევ ერთი მომიტინგე, რომელსაც „პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის“ მესამედ წაყენებული ბრალდების გამო სისხლის სამართლის მუხლით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, შალვა ესართიაა, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.    

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა