გია დავითიანი: „არ მეგონა, 65 წლის ასაკში ასეთი ლამაზი ცხოვრება თუ მექნებოდა”

2 days ago 5

 „არ მეგონა, 65 წლის ასაკში ასეთი ლამაზი ცხოვრება თუ მექნებოდა"„სარკე“, ავთო ჩიტიძე

მომღერალი, საქსაფონისტი, გია დავითიანი, თვლის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, ცხოვრების ჯანსაღ წესს თავის აგარაკზე შრომას უკავშირებს. მუდმივად ცდილობს, იქაურობა რაც შეიძლება ზღაპრულად მორთოს. წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს და, რაც მთავარია, 70 წლის გრანდიოზული იუბილესათვის უკვე 5 წლით ადრე ემზადება. მუწიკოსი „სარკეს” უყვება:
– ასაკი მხოლოდ ციფრებია. საბედნიეროდ, ჯიშად მაქვს, რომ კარგად გამოვიყურებოდე, თუნდაც ის, რომ ამ ასაკში ჯერ კიდევ შავი თმა მაქვს… ერთხელ კლასელი შემხვდა, რომელიც ძალიან გათეთრებული იყო. გაუკვირდა, როგორ გაქვს შავი თმა, ხომ არ იღებავო. მერე მიხვდა, არ უნდა ეთქვა ეს ჩემთვის.
ბევრი ჩემი ასაკის ვიცი, ვინც პიჟამას იცვამს, ტელევიზორთან ჯდება და შეუძლია ერთი კვირა სახლიდან არ გამოვიდეს. მე ცოტა სხვა წესის კაცი ვარ. ჩემი აგარაკი ბროწეულაში სამსახურივით მაქვს. დილით 7-8 საათზე უკვე ფეხზე ვარ და მაშინვე გავდივარ ეზოში, რომ დავიწყო შრომა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბაღისა და ეზოს მოვლა-პატრონობა. საოცარი ჩანჩქერი მაქვს ეზოში. ბუნებაში შრომა და მცენარეებზე ზრუნვა მაბედნიერებს. ზოდიაქოთი კურო ვარ და, როგორც აღმოჩნდა, კუროებს მიწასთან მუშაობა აბედნიერებთ.
– გამოდის, რომ თქვენმა აგარაკმა ბროწეულაში ცხოვრების ახალი ინტერესები გაპოვნინათ.
– კი, სულ ოცნებად მქონდა, ასეთი გარემო შემექმნა ჩემთვის. ბებია თელაველი მყავდა და ხშირად ჩავდიოდი მასთან. ბავშვო-ბიდანვე მაინტერესებდა და მხიბლავდა მცენარეებზე ზრუნვა, მიწასთან მუშაობა. ალექსანდრეს ბაღში ჯდომას და შაშის თამაშს მირჩევნია, ჩემს ეზოში ვიფუსფუსო.
– როგორ შეცვალეთ ასაკთან ერთად ცხოვრების წესი? ახალგაზრდობის წლებში ალბათ ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევდით.
– ჩემი ცხოვრების წესი არანაირად შემიცვლია, ისე ვცხოვრობ, როგორც ახალგაზრდო-ბაში. ფიზიკურად იმდენს ვშრომობ ბაღში, რომ ეს ყველანაირად ესადაგება ჯანსაღი ცხოვრების წესს. რამდენჯერმე დავინიშნე ტელეფონით და საკუთარ ბაღში მუშაობით 7000 ნაბიჯი მქონდა გავლილი. ამაზე მეტი ვარჯიში და ტრენაჟორები რა გინდა?!
– ახლა როგორ აფასებთ დროს, რაში აღარ ფლანგავთ მას?
– სულ ვცდილობ, მეტი დრო გავატარო საყვარელ ადამიანებთან. მუდამ იმაზე ვფიქრობ, რა შევმატო და როგორ გავალამაზო ჩემი საცხოვრებელი სივრცე. მინდა, ზღაპრული გარემო შევქმნა ჩემს კარმიდამოში. ასეთ ზღაპრულ სივრცესაც იმიტომ ვაკეთებ, მინდა, ჩემთვის საყვარელი ადამიანები ხშირად შეიკრიბონ ჩემთან.
რა თქმა უნდა, წლებს თავისი გულისწყვეტაც მოაქვს. ჩემი სამეგობ-როდან ბევრნი აღარ არიან ცოცხლები. რომ იტყვიან, წისქვილის ქვა არ დატრიალებულაო, დანარჩენი ყველაფერი გამოცდილი მაქვს მეც ცხოვრებაში. სიყვარულთან და ბედნიერებასთან ერთად სიმწარეც ბევრი მაქვს ნანახი, ამიტომ განსაკუთრებით ვუფრთხილდები ყველა ურთიერთობას, რომელიც მაბედნიერებს. სახლში სცენაც იმიტომ გავაკეთე, რომ საყვარელ მუსიკოსებთან ერთად ხშირად შევიკრიბოთ, ვიმუშაოთ, რეპეტიციები გავიაროთ. მინდა, ბევრი სალონური საღამო გაიმართოს აქ.
– თქვენს წარსულში ოქროს წლებს რომელ პერიოდს უწოდებთ?
– ოქროს წლები მაინც ბავშვობაა. ძალიან მიყვარს ოცნებები. თუ რაღაცაზე არ ოცნებობ, რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას? ოქროს წლები გრძელდება მანამდე, სანამ ადამიანს ცხოვრებაში მშობლები გვერდით გყავს. მამაჩემი სიტყვაძუნწი იყო, მოფერებაც არ იცოდა, მაგრამ მის თვალებსა და გამოხედვაში იმხელა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი, ყველანაირ მოფერებას მერჩივნა და ეს მზერა მენატრება ყველაზე მეტად, ასევე – დედის სუნთქვა. ჩემი ძმაც მენატრება ძალიან, რომელიც 30 წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობს, სამსახური არ აძლევს იმის საშუალებას, ხშირად ჩამოვიდეს.
– თქვენ რამდენიმე წლის წინ ცხოვრებაში დიდი სიყვარულს შეხვდით და კიდევ ერთხელ შექმენით ოჯახი. როგორია დღეს ეს სიყვარული და ოჯახური იდილია?
– ბევრს ნიშნავს, რომ დღეს ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანი არსებობს. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ შევხვდი და გავიცანი ეკატერინე არჩვაძე. სწორედ ის იყო თავიდან ბოლომდე ჩართული ჩემი საიუბილეო საღამოს ორგანიზებაში. ყველა დეტალი საოცრად ჰქონდა გათვლილი, მუსიკალური პროგრამაც შესანიშნავად ჰქონდა აწყობილი. როდესაც ასეთი მზრუნველი ადამიანი გყავს გვერდით, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის?! ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას. ასევე ჩართულები იყვნენ ჩვენი შვილებიც.
– ანუ დღეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი, ბედნიერი და ჰარმონიული პერიოდია?
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 65 წლის ასაკში თუ ასეთი ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება მექნებოდა. ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის ყოველთვის.
– წინ კიდევ ერთი მრგვალი თარიღი – 70 წელი გელოდებათ. რა გინდათ ამ ასაკამდე მოასწროთ?
– გამიგია, 70 წლის შემდეგ პრობლემები იწყებაო, ამიტომ 70 წლამდე მატერიალურად ვიყო ისე ძლიერად, რომ შემდეგ ყველა პრობლემას გავუმკლავდე. მინდა, მომავალი 5 წელი შემოქმედებითად უფრო აქტიური ვიყო, ვიდრე ბოლო 5 წელი ვიყავი. ამიტომაც გავაკეთე სცენა, მეტი ვიმუშაო და საინტერესო პროექტი შევთავაზო მსმენელს. 70 წლის იუბილეზე მინდა, ჩემს სცენაზე თავი მოვუყარო ყველა ჩემს საყვარელ სიმღერას, პოეზიას. მინდა, გავაკეთო საღამო, სადაც იქნება ჩემი სიმღერაც, ჩემი ლექსიც და ჩემი ინსტრუმენტული მუსიკაც.
– ანუ თქვენი ბენეფისი იქნება.
– კი, ნამდვილად. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!
2024 წელი

სრულად წაკითხვა