გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

3 days ago 4

“თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ივანიშვილის გუნდის წევრს კობახიძის თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოსვლა მოეწონა.

რაც შეეხება ოკუპანტი ქვეყნის არხსენებას, გია ვოლსკის თქმით, “ყველამ იცის, ვინ არის ოკუპანტი”:

აშხაბადის შეხვედრა არის ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის. თუკი ვამბობთ ოკუპაციას, რასაკვირველია, ყველამ იცის, ვინ არის ოკუპანტი. ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან. თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება. თუკი ამაში მონაწილეობს პუტინი, ეს იმას არ ნიშნავს რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს. თუკი პრეტენზიები გვაქვს თურქმენეთთან, ან მართვის სტილთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც ამის მაგალითებს ვხედავთ. თუკი ჩვენ ჩინეთთან ვთანამშრომლობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის კრიტიკას ავყვეთ, როდესაც თავად ჩადიან ჩინეთში და უშველებელ ხელშეკრულებებს დებენ. ასე რომ, სამწუხაროა, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ოკუპანტი ვინც არის, ყველამ კარგად იცის. ყველა რეზოლუცია, მათ შორის, ბოლო რეზოლუცია, რომელიც გაეროში გავიდა, ჩვენი ხელმოწერით გავიდა. მართალია, უკრაინასთან დაკავშირებით იყო, მაგრამ ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიციები. თუ თქვენ გინდათ, რომ მაინცდამაინც შეხვედრაზე, სადაც არის უშველებელ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, პრემიერ-მინისტრი გამოვიდეს და იგივე იძახოს, რასაც ზოგიერთი „აკაცუკი“ ქუჩაში იძახის, ასეთი რამეები არ ხდება. ამ დონის შეხვედრებზე ასეთი რამეები არ ხდება. თუკი თქვენ გგონიათ შეხვედრების, ფორუმების გარეშე საქართველოს შეიძლება რაღაც პერსპექტივა ჰქონდეს მომავალში, არათუ ძალიან ცდებით, არამედ ვფიქრობ, მაინც პროპაგანდისტული ინტერესები გაგაჩნიათ და მეტი არაფერი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. “ოცნების” პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა.

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

სრულად წაკითხვა