„გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“ — საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი

15 hours ago 3

ახლადდაფუძნებული საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი ეხმაურება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, სამსახურიდან გაათავისუფლოს გიგა სოფრომაძე, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა დედაქალაქის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში გათვალისწინებული ყოფილიყო შშმ პირთა ინტერესები, ადაპტირებული ყოფილიყო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამ ადამიანებისთვის.
მისი გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღვოდა რამდენიმე საგულისხმო ფაქტი: გიგა სოფრომაძემ გუშინ სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით, რომლის თანათავმჯდომარეცაა. ის ასევე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის
მხარდამჭერ განცხადებას.

გარდა ამისა, გიგა ბოლო წლებში, ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს „გამჭვირვალობის კანონთან“ და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და პირდაპირიდარტყმა ჩვენს ორგანიზაციაზე, ჯერ კიდევ მისი რეგისტრაციის დასრულებამდე, ასევე ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში
დასაქმებულთა დაშინებას.

ეს გადაწყვეტილება პასუხგაუცემელი არ დარჩება და ჩვენი ერთობა ბოლომდე იბრძოლებს მისი ინტერესების დასაცავად, კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით“, — ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა