8 პირს, რომლებიც 2 თებერვალს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის კოდექსით, სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.
უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოგალაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს – 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს კი – 3500-ლარიანი.
სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა შორის არიან ენმ-ის წევრი გიგი უგულავა და „ახალის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.
ამ რვა პირს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობა ედებოდათ ბრალად.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. თუმცა მოგვიანებით, 4 თებერვალს, 8 მათგანს, ბრალის სისხლის სამართლის წესით გადაუკვალიფიცირდათ.
20-ზე მეტი დემონსტრანტი „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.
დაკავებულთა ნაწილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, რომელთა უმეტესობას ტვინის შერყევა და სახის ტრავმები აღენიშნება.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 2 და 3 თებერვალს აქციაზე დაკავებული 25 პირი მოინახულეს, რომელთაგან 22 მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში.