წაკითხვა: 8
გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება, რომლის ამსახველ ფოტოსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
“გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესთაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.
განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის“ გეგმები – გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება.
მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მტკიცე მხარდაჭერისთვის.”– წერს გახარია.
დაბრუნდება თუ არა საქართველოში გიორგი გახარია, პარტიაში ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან არის მოლოდინი, რომ შესაძლოა ის დააკავონ.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მას 2 ივლისამდე მისცა დრო, რომ დაბრუნდეს საქართველოში და კითხვებზე პასუხი გასცეს ე.წ “ჩორჩანის ტყის” საქმესთან დაკავშირებით.
გახარია ამბობს, რომ თანახმაა დისტანციურად ჩაერთოს კომისიას, თუმცა, კომისია ითხოვს, რომ ის პირადად გამოცხადდეს და ადგილზე უპასუხოს მათ კითხვებს.
იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრემიერი კვლავ არ გამოცხადდება სხდომაზე, კომისია მის საქმეს პროკურატურას გადასცემს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს