გიორგი ზურაბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო ოფისის დელეგაციას, მათ შორის ყოფილ ელჩ მარკ კლეიტონს შეხვდა

1 hour ago 2

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის  (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და  საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩს, მარკ კლეიტონს და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 აგვისტოს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის მოქმედი ელჩი, გარეთ უორდი.

სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა „განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ და „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული დიალოგის ფორმატების სრულად აღდგენის მნიშვნელობას“.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ევროპული არჩევანის შეუქცევადობა“.

სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და „მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე“. „კიდევ ერთხელ დადასტურდა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობებს. მხარეებმა დაადასტურეს საერთო გამოწვევებთან გამკლავების მიზნით თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის შემდგომი განვითარების მზაობა“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა