WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4 ოქტომბრის მოვლენების საქმის ბრალდებული გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისას დააკავეს.

ვიდეოში ისმის, რომ ამჯერად მას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც მოსამართლის შეურაცხყოფას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა „ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას მისი პროტესტი მოჰყვა, სხდომაზე მან თორნიკე ქოჩქიანს უთხრა – „შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა“.

„ტვ პირველის“ ცნობით, ამავე სხდომაზე მან კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ივანიშვილს.


ივნისში, სასამართლო პროცესზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გიორგი კირვალიძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა: „გააუქმეთ, ბიძინას დედასაც შე***ი“.

გიორგი კირვალიძემ, ისევე როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა სხვა 30-ზე მეტმა პირმა, თავად მიმართა პროკურატურას საპროცესოს შეთანხმების თხოვნით. შეთანხმების პირობების მიხედვით, ისინი 1 წელს გაატარებენ ციხეში და 3 წელი პირობითი ექნებათ.

აგვისტოს ბოლოს სააპელაციო სასამართლომ პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება გაუუქმა. შეთანხმების გაუქმება პროკურატურამ მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოში კირვალიძემ თქვა, რომ საპროცესოს გაფორმებისას მისი სიტყვები აღელვებას უკავშირდებოდა.

გიორგი კირვალიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით:

  • ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).