ირინა მაკარიძე
იმ სასტიკ მეთოდებზე, რომლითაც ხელისუფლებაში მოკალათებული ძალა უსწორდება საკუთარ მოქალაქეებს, ქვეყანაში შექმნილ არაორდინალურ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე.
ჩვენი ინტერვიუ ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე შედგა, რომელიც „ტვ პირველის“ წარმომადგენლების, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ 7 დეკემბერს გახორციელებულ თავდასხმის ფაქტს უკავშირდება.
_ გაუგონარი ამბავია ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა. მედიის წარმომადგენლები, რომლებიც აშუქებენ ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესებს, ახდენენ მის დოკუმენტირებას, ახლა ამას აკეთებენ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა შემთხვევა მედიის წარმომადგენლების მიმართ, მიზამმიმართული, განზრაზ დაზიანებები მარბიელებისგან. ეს ბოლო შემთხვევა მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ნიღბიანი „ტიტუშების“ მიერ ჩადენილი, ცხადია, არის ხელისუფლების შურისძიება ამ ადამიანების მიმართ.
_ თავდასხმები, დაკავებები არ წყდება პოლიტიოსების მიმართაც, მათ შორის დაკავებულია თქვენი კოალიციის წარმომადგენელი, ალეკო ელისაშვილი, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეს არის კიდევ ერთი მიმართულება სახელისუფლებო რეპრესიებისა. ადამიანების პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემა, დაკავება სხვადასხვა მიზანს ემსახურება. ერთ-ერთი მათ შორის არის განრიდება ამ საპროტესტო კერიდან. ალეკო ელისაშვილი, ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, არის რეჟიმის წინააღმდეგ გამორჩეული მებრძოლი. ბუნებრივია, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს საპროტესტო ეპიცენტრში. მეორე მხრივ, ყველასთვის ცხადია, რომ ალეკო ელისაშვილი მიზანში ჰყავს ამოღებული ხელისუფლებას ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოყოლებული. მდინარაძესთან დაკავშირებული ინციდენტიდანაც გამომდინარე მასთან სურდათ პირადი ანგარიშსწორება. მასზე ჯერ თავდასხმა მოხდა და არავინ პასუხისგებაში არ მიუციათ. უშუალოდ სამართალდამცველები გაუსწორდნენ მას ფიზიკურად. ახლა უკვე მათ მოახერხეს, რომ სამაგალითოდ, საჩვენებლად ყველას თანდასწრებით, ოპოზიციის შეხვედრიდან გაიტაცეს ყოველგვარი ფორმალური წესების დაცვის გარეშე. შეიძლებოდა მისი დაკავება სხვა ვითარებაში, მაგრამ არა! მათ სურდათ, რომ აი, ასე ძალის დემონსტრირებით გაეტაცებინათ. გაიტაცეს, სცემეს, სასტიკად გაუსწორდნენ, გვერდებში სცემდნენ, სახის არეში, ნეკნები ჩაულეწეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამით, ბუნებრივია, ცდილობენ შიშის დათესას საზოგადოებაში, რომ ნახეთ, არავის დავინდობთ, იქნება ეს რიგითი აქტივისტი, პოლიტიკური პარტიის წევრი, ლიდერი, თუ მედიის წარმომადგენელი, აბსოლუტურად ყველა შეიძლება გახდეს ჩვენი სამიზნე, არ დავინდობთ არავის! მაგრამ ფაქტია, ეს არ მუშაობს საზოგადოებაზე.
_ პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებაც, მასაც არაადამიანური მეთოდით მოექცნენ. ამის შესახებ რას იტყვით?
_ საჩვენებლად, სადემონსტრაციოდ სურდათ ნიკა გვარამიას დაკავებაც, მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და შემდეგ ხელში ატაცებული გაიყვანეს, გაათრიეს, ფაქტობრივად, ღირსების შემლახავად და დამამცირებლად, ასე მოხდა მისი დაკავება, ბუნებრივია, ეს ქმედებაც არის მათი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი.
_ პრინციპში, ეს დაპირება ჰქონდა კიდეც ბიძინა ივანიშვილს, მან ძალიან ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციის აკრძალვას გეგმავდა, თუმცა, ალბათ, მისმა მომხრეებმაც ვერ წარმოიდგინეს ეს მეთოდები, რითაც ის აპირებდა მოქმედებას?
_ როცა ის საუბრობდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, აქ შეიძლება ვიღაცას ჩაეთვალა, რომ ეს იყო მათი საარჩევნო სტრატეგია. აკრძალვა, სამართლებრივ დონეზე სხვაა და ოპოზიციური პარტიების ამ ფორმებით დევნა, შეიძლება ჩვენთვის იყო მოსალოდნელი, რადგან ბიძინა ივანიშვილისგან ყველაფერს საშინელს მოველით, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ესეც ახალი არის, რადგან ვერ წარმოედგინათ „ქართული ოცნების“ თვითნებობა რა მასშტაბებსა და დიაპაზონებს აღწევს. ეს, ერთი მხრივ, არის გამოღვიძების სიგნალი ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომლებმაც შეიძლება 26 ოქტომბერს მართლა მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“. ასეთ ადამიანებს პირადად ძალიან ბევრს ვხედავ საპროტესტო აქციებზე.
_ რაც შეეხება არჩევნებს, იყო უამრავი მკიცებულება, რომ გაყალბდა ეს არჩევნები, მაგრამ არ იყო ის პროტესტი, რაც ჩვენ ვნახეთ 28 ნოემბრის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, ეს იყო უკვე უკანასკნელი წვეთი? საზოგადოებისთვის, რომელსაც, რა თქმა უნდა, სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ეს კიდევ არ იყო საკმარისი მასშტაბური პროტესტისთვის?
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, 26 ოქტომბერს რეალურად ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ თავში ვერ მოიხარშებოდა და ვერც თუნდაც ქართული სპეცსამსახურების. ისეთ დონეზე იყო ეს შესრულებული და დაგეგმილი, რომ აქ ბუნებრივია, რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია. შესაბამისად, საზოგადოება, გარკვეულწილად, იყო იმგვარ შოკურ მდგომარეობაში 27 ოქტომბერს, როდესაც გამოიღვიძა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადახარშვა. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მომდევნო დღეებში ვერკვეოდით ამ სქემებში და ბევრი რაღაც შემდეგ გავაანალიზეთ უკვე, რა მოხდა, რისი გათვლაც შეუძლებელი იყო 26 ოქტომბრამდე…
_ ჩაგეკითხებით: თქვენ იყავით საარჩევნო კომისიაში, თავიდანვე ჩამოგაშორეს პოსტს და ეს იყო ნიშანი, რომ ისინი მანიპულაციებს აპირებდნენ, მაგრამ მაინც თქვენთვისაც არ იყო ბევრი რამე მოსალოდნელი?
_ ბუნებრივია, ეს ჩვენ მანამდე რომ გვცოდნოდა, ინფორმირების დონეზე მაინც მოვახდენდით რეაგირებას. იყო რაღაცები, ნაწილობრივ, ცალ-ცალკე აღებული, რასაც ჩვენ ვამჩნევდით, მაგრამ სრული სურათი შეიკრა უკვე 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც უკვე მოხდა და დავინახეთ ეს ყველაფერი ერთიანობაში. ის ცალკეული საკითხები, როგორიც იყო თუნდაც ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა წილისყრების გადატანა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, რომელზეც ვსაუბრობდით, ვხმაურობდით, საზოგადოებას გავაგებინეთ. ეს ყველაფერი ჭანჭიკები ყოფილა იმ დიდი მექანიზმისა, რომელიც მხოლოდ შემდეგ შეიძლებოდა გამოაშკარავებულიყო და ასეც მოხდა. ყველაზე მარტივი გასაგები აღმოჩნდა ის, რაც ყველამ ნახა და ყველასთვის ხელშესახები და თვალში საცემი იყო _ გამოჟონილი კვალი ბიულეტენზე, რაც ფარულობის პრინციპის დარღვევას გულისხმობს. სამართლებრივი ნიუანსები საზოგადოებამ ისე ვერ აღიქვა, ვიდრე საქმეში ჩახედულ ადამიანებს შეიძლება აღგვექვა. არ ვგულისხმობ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, საარჩევნო სპეციალისტს, ვგულისხმობ პოლიტიუკურ სპექტრს, არასამთავრობო სექტორს, აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც უფრო დაინტერესებული არიან ამ საკითხებით და რომლებიც გამოდიოდნენ ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა აქციაზე. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ 28 ნოემბერს, როდესაც გამოაცხადა ე. წ. პრემიერ-მინისტრმა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და გადავადებული, ეს არის ძალიან მარტივი და მკაფიო გასაგები, ეს არის ის, რაც ქართული საზოგადოებისთვის არის წყალგამყოფი. ქართველმა ხალხმა დააფიქსირა თავისი არჩევანი, როდესაც თქვა, რომ მას სურს დასავლური კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის ქართველი ხალხის უკვე გამოხატული ნება, შესაბამისად, არავის ამ ქვეყანაში, მათ შორის, სადავეებთან დროებით მყოფს, არ აქვს უფლება, რომ ეს შეცვალოს. როდესაც ეს დაინახეს, ასე მკაფიოდ ნათქვამი, ამის გაგებას არ სჭირდება არანაირი განსაკუთრებული ცოდნა. არანაირი შუამავალი არ სჭირდებოდა ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ გაეგო, რა თქვა ირაკლი კობახიძემ იმ დღეს. არც მოწოდებები გაუკეთებია არავის, არც ექსპერტებს უსაუბრიათ ბევრი, ყველამ, ვინც მოისმინა, მიხვდა, რაც ხდებოდა. კოლექტიურმა საზოგადოებრივმა ინსტინქტმა გამოიყვანა ადამიანები რუსთაველზე და ეს ინსტინქტი ასულდგულებს და აცოცხლებს ამდენი ხნის განმავლობაში ამ ყველაზე ორგანულ პროტესტს, რომელიც მე პირადად, მინახავს.
_ მაგრამ ვხედავთ, როგორი სასტიკი მეთოდებით უმკლავდება ამ ადამიანებს მმართველი ძალა, რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს ან როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესების განვითარება?
_ ვფიქრობ, რომ ის მეთოდები, ის ვანდალიზმი კვებავს ამ პროტესტს, ადამიანებს იმის ნაცვლად, რომ შეეშინდეთ, უფრო მეტი გამოდიან, უფრო მეტნი გამოვდივართ, არც ძალის მიმართ გვაქვს შიში, არც გაზის, არც წყლის ჭავლის, არც ამ მარბიელი რაზმებისა, პირიქით, უფრო მეტი მედეგობა გვაქვს. ეს ვერ გათვალეს უზურპატორებმა. ქართული საზოგადოება სხვანაირი საზოგადოებაა, როდესაც მის ღირსებას, მისი შვილების ხვალინდელ დღეს ეხებიან, აქ უკვე ქართულ საზოგადოებაში სხვა ინსტინქტები მოქმედებს. ამას დამატებული ის გამოცდილება, რომელიც მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების და ახლა უკვე ამ ბოლო აქციების დროს. აქ უკვე თვითორგანიზების დონე, ურთიერთზრუნვის, ერთმანეთის მოფრთხილების, ურთიერკომუნიკაციის კულტურა ემატება ერთმანეთს და ამ პროტესტს უფრო მედეგს და მძლავრს ხდის. ბუნებრივია, სხვადასხვა სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ განვითარება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი _ რაც უნდა მოხდეს, როგორი ძალაც უნდა გამოიყენოს ე. წ. ხელისუფლებამ, ხალხი არ დანებდება, ეს არ არის მილევადი და მინავლებადი პროტესტი. პირიქით, ეს მზარდი პროტესტია.
_ ჩვენ ვიცით, რომ არანაირი აღიარება და ლეგიტიმაცია არ აქვს ხელისუფლებას, გარდა ამისა, ვნახეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მან საქართველოს შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. რა გავლენას მოახდენს საერთაშორისო ფაქტორი საქართველოსთვის პროცესების დადებითად განვითარებაში?
_ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის გულწრფელი პროტესტი და მეორე მხრივ, საგარეო მხარდაჭერა არის განმაპირობებელი ხალხის გამარჯვებისა. დონალდ ტრამპთან ამ შეხვედრით სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ გაუქარწყლა მთელი ის პროპაგანდა, რომ თითქოს დონალდ ტრამპის გამარჯვებით შეეძლოთ მათ აშშ-სთან გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორება. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა „ქართული ოცნება“ მხოლოდ ამ სურათით, თუ როგორ ესაუბრებოდა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს, რაც მათთვის მიუღწეველი აღმოჩნდა, რადგანაც ისინი იქ არავის მიუწვევია.
The post გიორგი სიორიძე: „ხელისუფლების ვანდალიზმი კვებავს ამ პროტესტს“ appeared first on QronikaPlus.