„გირჩი-დროას“ ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.
ის ნიღბიანმა სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩხრეკას ატარებდნენ.
მისი დაკავების კადრებში ჩანდა, რომ გელა ხასაიას მხრიდან არ ჰქონია ადგილი უკანონო ქმედებას, როდესაც მას რამდენიმე ნიღბიანი სამართალდამცავი დაესხა თავს და დააკავეს.
2 დეკემბერს გელა ხასაიას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ მისთვის უცნობი პირები. ეს დაზიანებები მას დღესაც ეტყობოდა სახეზე.
"გირჩი-დროას" ოფისთან დააკავეს ოპოზიციური პარტია „ახალის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამიაც.
ის ჰაერში ატაცებული გაათრიეს პოლიციის მანქანამდე. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდნენ.
4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების სახლში.
მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.
ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.