მაისის აქციების დროს დაკავებული და ამ დრომდე პატიმრობაში მყოფი სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის ფეისბუკის გვერდზე მისი პოსტი გამოქვეყნდა, სადაც წერს, რომ ის საჯაროდ აქტიური იქნება:
„თუ თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, ესეიგი დედაჩემი და ადვოკატები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ - რო ჩემი public აქტივობა - საქმეს ვეღარ დააზარალებს“, - უჩა აბაშიძე წერს, რომ თავის მოსაზრებებს, დროდადრო გამოაქვეყნებს ხოლმე დედის დახმარებით ფეისბუკგვერდზე სახელწოდებით Shuashsti/შუაშისტი, თუმცა იმასაც მიუთითებს, რომ „სამყაროს ხედავს ტელევიზორიდან და “უკან გადახვევის“ ფუნქციაც არ აქვს“, ამიტომ, შესაძლოა, რამე გამორჩეს.
ბლოგერი წერს, რომ მზად არის უპასუხოს კითხვებს სხვადასხვა თემაზე, გარდა მისი საქმის დეტალებისა. ამაზე ის მოგვიანებით ილაპარაკებს, როცა "სამართალი აღდგება"
„როდესმე, აქედან რო გამოვალ - გიპასუხებთ რა შეკერეს და რა გამოაცხვეს. მარა მხოლომ მას მერე - რაც სამართლის - სამართლობა აღდგება, შერჩევითი აღარ იქნება, დამნაშავე პოლიციელს, ომონელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს - დავსჯით და აი, მერე - მე ვალი მაქვს პასუხები გაგცეთ. მანამდე უნდა მენდოთ - რო ჩემი პირადი ცხოვრება, უდაოდ, მოუწესრიგებელი ქაოსია, და მაგ ქაოსში მე და მარიამს გვედავებიან რაღაც შტერულ გადაცდომას. მანამდე - გიყურებთ, ტელევიზორით, დილიდან საღამომდე, განვიცდი, ვნერვიულობ და ის გრძნობა მაქ - შენი კლასი რო ექსპედიციიდან ფოტოებს პოსტავს, შენ კიდე ავად ხარ, არ გაგიშვეს და ლოგინიდან უყურებ. დარწმუნებული ვარ ოკმელაც მასეა (ვიკვეთებით ხოლმე დერეფანში. მე და ოკმელა გუნდელები ვართ, წლები ვთამაშობდით რაგბს ერთად) და ღობის ბიჭებიც“, - წერს უჩა აბაშიძე, - თუ ეს პოსტი დაიდო, აწი ვარსებობ ანუ - შეგაწუხებთ ხოლმე“ (სტილი დაცულია).
მისივე სიტყვებით, საპატიმროში ახლა დეკემბერში დაკავებულ აქციის მონაწილეებს უფრო უჭირთ, ყველას მათი გამხნევებისკენ მოუწოდებს და შენიშნავს, რომ ყველაზე რთული პირველი სამი თვეა
"მერე ეჩვევი და აღარც გახსოვს, როგორია “გარეთ“. მანამდე ძალიან გჭამს შიგნიდან ეს შებოჭილი “გდება“ და ვერაფრის კეთება. მითუმეტეს - როცა ვინც შენ დაგატყვევა, ნამდვილი მოძალადე კანონდამრღვევები თვითონ არიან"., - წერს უჩა აბაშიძე.
უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს დააკავეს - თბილისში ამ დროს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართებოდა.
მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სამხედრო ბლოგერი ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლია. მის საქმეში არის არაერთი დარღვევა, რაც გამოძიების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
მას და მისი მეუღლეს, მარიამ იაშვილს, რომელთაც ასევე დაკავებულია, პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება.