WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მის ნაცვლად ნოდარ ქინქლაძე, დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

“აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ხდებოდა მანამდე

უფრო ადრე, ოქტომბრის ბოლოს ბრალდებული დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს „რეკომენდაციით მიმართა“, შეეჩერებინა უფლებამოსილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის. გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას თანამდებობიდან გათავისუფლებას ძმები ფეიქრიშვილების დედა ნინო აბრამიშვილი და ადვოკატი მოითხოვდნენ.

მათი თქმით, გლდანის მე-8 ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემისას ერთ-ერთი ბრალდებული, „კრიმინალური ავტორიტეტი“ ვატო ყიფიანი, სწორედ გიორგი პატარიძესთან (მათ თანახმადვე, მეტსახელად „ზაუტასთან“) იყო სატელეფონო ხაზზე.

  • პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ცნობებს დავით ფეიქრიშვილისადმი ციხეში ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე (ფეიქრიშვილი „ვივამედში“ მრავლობითი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს).
  • ფეიქრიშვილების ბრალდებას უარყოფს ვატო ყიფიანიც – მისი ადვოკატის თქმით, ყიფიანი უარყოფს არა მხოლოდ ცემის ბრალდებას, არამედ ცნობას, თითქოს ის ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ 28 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ „ღამის კურიერში“ „დადასტურებით“ თქვა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი, - რომელიც მძიმე დაზიანებებით „ვივამედში“ მოხვდა და ძალადობაში ვატო ყიფიანს ადანაშაულებდა - იზოლატორში „ნამდვილად არ იყო მარტო“.

„დანარჩენი, რატომ მოხდა ამ პირების შესახლება [გამოძიება დაადგენს]“ - თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, სხვა პირები მასთან შეასახლეს თუ არა და იყო თუ არა მათ შორის ვატო ყიფიანი, მინისტრმა თქვა:

„ამას უკვე გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ“, - განაცხადა მან.

„იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები“, - განაცხადა მან. სხვა დეტალები აღარ დაუზუსტებია.

ფეიქრიშვილები და ყიფიანი ერთ ციხეში

40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ისინი გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

15 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო და შოთა ყიფიანები და ავთანდილ ბილანიშვილი (მეტსახელად „კაწრო“) „წინასწარი პატიმრობის“ შეფარდების შემდეგ ამავე ციხეში აღმოჩნდნენ.

  • ფეიქრიშვილის ადვოკატის გადმოცემის თანახმად, დავით ფეიქრიშვილი ამბობს, რომ 16 ოქტომბერს მას შეუსახლეს ახლად დაპატიმრებული ვატო ყიფიანი ), რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემა;
  • 19 ოქტომბერს მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი სასტიკადაა ნაცემი;
  • ეს უარყო როგორც პენიტენციურმა სამსახურმა, ისე ვატო ყიფიანმა;
  • დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ ორჯერ შეიყვანეს: 19 ოქტომბერს – მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით; 20 ოქტომბერს – ხელზე მიყენებული ჭრილობით (თვითდაზიანებით).

გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო.

მოგვიანებით საქმის გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა.

26 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის უფროსმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას მიმართა - პროკურატურის „რეკომენდაციის“ შემდეგ, პოსტი დაეტოვებინა.

ფეიქრიშვილის ცემას, მათი ადვიკატების განცხადებით, უარყოფენ ყიფიანიც და ბილანიშვილიც.