გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით ჩაკლავთ საუკუნეებით გამოწრთობილ სულისკვეთებას – ღოღობერიძე

2 weeks ago 22

„თქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?“ – ასე ეხმაურება კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.

მისი თქმით, ხელისუფალთ არ ესმით, რომ მათი წინააღმდეგობა განწირულია, რადგან სულით ევროპული და თავისუფალი საქართველო საუკუნეთა მანძილზე უამრავი წინააღმდეგობის დაძლევით მიადგა ევროპას და შეაღო მისი კარი.

ლანა ღოღობერიძის განცხადება მის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

„საუკუნეთა მანძილზე პატარა ქრისტიანული ერი, გარშემორტყმული დიდი აგრესიული იმპერიებით, იბრძოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ეს ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა იმიტომ, რომ მას საფუძვლად ჰქონდა დიდი ჰუმანისტური კულტურა, რომელიც იმთავითვე გვაახლოებდა ევროპასთან.

დღეს ისე ახლოს ვართ ამ სულიერ მოკავშირესთან, როგორც არასოდეს. ეს მთელი თავისი არსებით, გენეტიკური ინტუიციით, იცის ქართველმა ხალხმა, იცის ქართველმა ახალგაზრდობამ. იცის იმიტომ, რომ ეს განცდა მისი სულის თანდაყოლილი ნაწილია. ამიტომ იბრძვის ის ასე გულწრფელად, ასე თავგადაკლულად ევროპული მომავლის გადასარჩენად!

მე მართლა გულით მიკვირს, რომ ხელისუფლება ქართველთა ამ ყველაზე ბუნებრივ ტენდენციას ძალას უპირისპირებს! როგორც ჩანს, ხელისუფალთ არ ესმით, რომ მათი წინააღმდეგობა განწირულია, განწირულია იმიტომ, რომ სულით ევროპული და თავისუფალი საქართველო, საუკუნეთა მანძილზე უამრავი წინააღმდეგობის დაძლევით, უამრავი მსხვერპლის გაღებით, და ამიტომაც დღეს ასე ბუნებრივად, ასე ლაღად და სიხარულით მიადგა ევროპას და შეაღო მისი კარი. ეს იგრძნო ევროპამაც და ამიტომაც ასე ფართოდ გაგვიღო ეს კარი.

და თქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? შეძლებთ ჩვენს დაბრუნებას შავბნელ საბჭოთა კავშირში? ეს შეუძლებელია. ჩვენ ბედისწერამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე!

მე ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე, რომელიც დღეს რუსთაველზე შეუპოვრად მდგომ ყოველ პიროვნებაშია განსხეულებული! ჩვენ გავიმარჯვებთ და შევქმნით თავისუფალ, დამოუკიდებელ, ევროპულ, სამართლიან ქვეყანას! და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!“ – ნათქვამია ლანა ღოღობერიძის განცხადებაში.

პირველ მაისს პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. მათ შორისაა, „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო. შსს რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.

რა ხდება

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

სრულად წაკითხვა