გმირია პოლიციელი? | რატი რატიანი

2 weeks ago 5

ავტორი: ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი), მწერალი

ორიოდე დღის წინ, სახალხო პროტესტის მეშვიდე დღეს, „ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ასე იწყებოდა:

„პოლიციელი გმირია!“

ეს მას მერე მოხდა, რაც რუსთაველზე უგონოდ დაგდებული, 22 წლის ზვიად მაისაშვილი სპეცრაზმელებმა უმოწყალოდ ჩაწიხლეს და მერე დააკავეს. უფრო სწორად გაიტანეს.

თუ არ ვცდები, ეს მას მერე მოხდა, რაც ექიმი ტრავმატოლოგი ვატო გვაზავა აქციის მონაწილეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევისას დაიჭირეს, იქვეც ცემეს და მერე მიკროავტობუსშიც.

მას მერე მოხდა, რაც პოლიციელებმა დემონსტრაციის სამასზე მეტი მონაწილე დააკავეს და უმეტესობას უმოწყალოდ ცემეს – უკვე დაკავებულს. სახის ძვლები, ნეკნები ჩაულეწეს და საკუთარი სისხლის გუბეებში აბანავეს.

  • ექიმები
  • სტუდენტები
  • ჟურნალისტები
  • წამყვანები
  • პოეტები
  • მთარგმნელები
  • ბალერინები
  • დები
  • ძმები
  • მამები
  • შვილები

ზოგადად, პოლიციელის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და პატივსაცემია. ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში, წესით, ადამიანს პირველი პოლიცია ახსენდება. მაგალითად, პოლიციელი თავს წირავს, როცა ქუჩაში უგონოდ დაგდებულ ადამიანს ურტყამენ და საშიშ დამნაშავეებს აკავებს – მათ, ვინც დაუცველ ადამიანს სცემს.

ამასწინათ, ჯერ კიდევ მასობრივი პროტესტის დაწყებამდე, მოსწავლეებთან პროფესიებს განვიხილავდი. რამდენიმე პროფესია იყო ჩამოთვლილი, მათ შორის პოლიციელი. ბავშვებს ყველაზე მეტად და ნაკლებად საყვარელი პროფესიები უნდა აერჩიათ. ძალიან შემაწუხა და შემაშფოთა იმ ამბავმა, რომ ყველაზე ნაკლებად სასურველ პროფესიებს შორის პოლიციელი დაასახელეს. 10-12 წლის ბავშვები არიან. ამ ხნის ბავშვებიდან ბევრი სწორედ ისეთ ამაღელვებელ და ღირსეულ პროფესიაზე ოცნებობს ხოლმე, როგორიც პოლიციელობა ან მეხანძრეობაა. მაგრამ არა დღევანდელ საქართველოში.

დღეს დილით მეზობელი შემხვდა ქუჩაში და ჩემი გადათეთრებული სახე რომ დაინახა, „მანუგეშა“:

რას ნერვიულობ, დაუხოცია იმ ორ პარტიას ერთმანეთიო – ნაცები და ქოცები იგულისხმა.

ვისაც ჩემი მეზობელივით ჯერ კიდევ გჯერათ სამთავრობო პროპაგანდის, „ნაცების და ქოცების ბრძოლის“, მინდა ამ ბრძოლის მხარეები გაგაცნოთ:

„ქოცები“:

გირგვლიანის საქმის მოსამართლე „ოცნების“ ერთ-ერთი ბურჯია სასამართლოში;

ზვიად ხარაზიშვილი, სპეცრაზმის უფროსი, ნაციონალური მოძრაობის დროიდან ყვავის და იფურჩქნება სისტემაში;

ადეიშვილის მრავალ თანამზრახველს დიდი თანამდებობები უკავია;

ნაციონალური მოძრაობის მრავალი დეპუტატი ახლა „ოცნების“ დეპუტატია;

მრავალი სკოლის დირექტორი, მასწავლებელი თუ საჯარო მოხელე დღესაც ისევე არ იღებს ხმას პარტიის შიშით, როგორც მაშინ დუმდა.

„ნაცები“:

რუსთაველზე მდგარი ხალხი, ვინც 2012-ში ჩემი მოსწავლეების ტოლი იყო – აი, იმ მოსწავლეების, პოლიციელის ხსენებაზე რომ საფრთხის გარდა არაფერი ახსენდებათ.

სახე კი იმიტომ მაქვს გადაფითრებული, რომ ქართველი ახალგაზრდების ამ სამართლიან ბრძოლაში ფიზიკურად მათ გვერდით ვერ ვდგავარ, მხოლოდ სიტყვით თუ შევეწევი და ამიტომ ყოველი დილა ჯოჯოხეთია.

ნინო წილოსანის სიტყვებს გავიმეორებ, ოღონდ ბოლოში ძახილის ნაცვლად კითხვის ნიშნით:

გმირია პოლიციელი?

სავსებით შესაძლებელია, თუ ის ერთი პოლიტიკური პარტიის ნაცვლად თანაბრად დაიცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს და, უფრო მეტიც, თვითონ არ გახდება მოძალადე.

სრულად წაკითხვა