„გოზინაყს 35 წელია, ასე ამზადებს“ – თინა ქიტესაშვილის განსხვავებული რეცეპტი

2 weeks ago 15

„გოზინაყს 35 წელია, ასე ამზადებს“ - თინა ქიტესაშვილის განსხვავებული რეცეპტი„მე მოგიყვებით ადამიანზე, რომელიც გოზინაყს 35 წელია, საკუთარი რეცეპტით ამზადებს და მისი გოზინაყის მთავარი ნიუანსი არც მეტი, არც ნაკლები – ძმარია.

ქალბატონი თინა ქიტესაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს. მისი გოზინაყი ოჯახში, სანათესაოში და საახლობლოში ძალიან პოპულარულია. იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ საფირმო გოზინაყის მთავარი საიდუმლოება, ქალბატონ თინა გვიამბობს:

-გოზინაყი პირველად 35 წლის წინ გავაკეთე და ეს არ არის დედას ან ბებიას რეცეპტით. ჩემს ოჯახს უყვარს კნატუნა გოზინაყი და ამიტომ მე დავუმატე მას ძმარი.

– ეს მიგნება ,,მამალოების“ რეცეპტის გამოცდილებიდან მაქვს გამოყენებული. ძმრის დამატებით გოზინაყი გამოდის საოცრად ხრამუნა და შესაბამისად, არც თაფლს სჭირდება ბევრი დუღილი. ფაქტიურად, ჩემმა იდეამ გაამართლა. გოზინაყმა ოჯახის, ახლობლების მოწონება დაიმსახურა. რაც უნდა ბევრი მოვამზადო, სუფრიდან უცბათ ,,ქრება“. მის დასაგემოვნებლად ჩემთან სტუმრობა უყვართ.

გოზინაყი თინა ქიტესაშვილის რეცეპტით

🔘 თაფლი 700 გრ

🔘 ნიგოზი 1 კგ -1,200

🔘 ძმარი 1 სკ

🔘 შაქარი 1 სკ

🔘 ვანილი გემოვნებით

მოუხალავი, ნედლი ნიგოზი დავთალოთ.

ქვაბში ჩავასხათ თაფლი, მოვადუღოთ და გავაციოთ. მეორედაც გავიმეოროთ.

მესამე მოდუღებაზე დავუმატოთ ძმარი და შაქარი. ვურიოთ და ვადუღოთ იქამდე, სანამ თაფლი ცივ წყალში ჩაგდებისას წვეთებად არ შეიკვრება. ამის შემდეგ დავუმატოთ ნიგოზი, ვანილი და ვშუშოთ, თან ვურიოთ.

მასა გადმოვიტანოთ და ცივ წყალში დასველებული საბრტყელებლით გავაბრტყელოთ. დავჭრათ სასურველ ზომებად.

გემრიელად მიირთვით„, – წერს თამუნა მახარაშვილი.

სრულად წაკითხვა