საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მაოდგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში არიან.
სანქციების შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.
რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
მასალა განახლდება
მაგნიტსკის სია შექმნილია 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე, რომლის მიზანი თავდაპირველად რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა იყო, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორუფციასთან მებრძოლი მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან. სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. 37 წლის მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს.