გორელ სტუდენტს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ 

2 weeks ago 10

გორელი სტუნდენტს ავთანდილ ტიტვინიძეს აქციაზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ნაცემი ახალგაზრდა კლინიკაში დროულად არ გადაიყვნეს, ეპყრობოდნენ არასათანადოდ და დამამცირებლად. 

“პოლიციელებმა დაზარალებულს ნახმარი წინდა მისცეს სისხლის შესაჩერებლად”, – ნათქვამია ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” განცხადებაში. 

დაზარალებული ახალგაზრდის მდგომარეობა სასამართლოს სხდომაზე გართულდა, ის შეუძლოდ გახდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

“30 ნოემბერს აქციაზე დაკავებული და ნაცემი ავთანდილ ტიტვინაძე, რომელსაც ჰქონდა ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა, აწუხებდა ძლიერი ტკივილები, იზოლატორის ექიმება არ გადაიყვანეს კლინიკაში. 2 დეკემბრის 00:30 საათზე მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა”. 

უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოს ეზოში მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაკავებული პირის კლინიკაში გადაყვანა მანამდე ვერ შეძლო, სანამ მოსამართლემ ფორმალურად არ გახსნა სხდომა, გამოყო ტიტვინიძის საქმე და გადადო მისი განხილვა.

“ავთანდილ ტიტვინიძეს ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, გამოკვლევებით დადგინდა, რომ დაკავებისას მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ჰქონდა ცხვირის ზედაპირის ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ჩაუტარდა ოპერაცია, კერძოდ – გაიკერა ჭრილობა და დახურული გზით მოხდა ცხვირის ძვლების ფიქსაცია”. 

ავთანდილ ტიტვინიძე ამბობს, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა და ხელკეტით გაუტეხა ცხვირი. ცხვირიდან სდიოდა სისხლი და ითხოვდა ექიმის დახმარებას, პოლიციის თანამშრომლებმა კი ნახმარი წინდა მიაწოდეს და იმით შესთავაზეს სისხლის შეჩერება.

ავთანდილ ტიტვინიძის საქმის განხილვა 5 დეკემბრისთვის გადაიდო. მის ინტერესებს სასამართლოში “უფლებები საქართველო” იცავს.

სრულად წაკითხვა