გორის ერთ-ერთ კერძო სკოლაში პედაგოგს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ

22 hours ago 4

გორის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელს მოსწავლის მშობელი პოლიციაში უჩივის.

“მოზაიკასთან” საუბარში მშობელი აღნიშნავს, რომ პედაოგიგი მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ბავშვს დარღვეული აქვს ქცევა, ძილი და გაუჩნდა შიშები. მისი თქმით, ბავშვს დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარებაც.

“ბოლო დროს ბავშვი შეიცვალა, აღარ უნდოდა სკოლაში წასვლა. ჩემი შვილი კარგად ხატავს და შავ-თეთრი ნახატების დახატვა დაიწყო. ვეკითხებოდით რა ხდებოდა, რა პრობლემა ჰქონდა და არაფერს ამბობდა. ბოლოს, მამამისთან თქვა, რომ მასწავლებელი ცუდად ექცეოდა, თმას ქაჩავდა, ჩმეტდა, ფიზიკურად ეხებოდა და მშიერს ტოვებდა, იმიტომ რომ დავალებებს სწრაფად არ აკეთებდა. ამ დროის განმავლობაში ბავშვი არაფერს ამბობდა, რის გამოც დაუზიანდა ფსიქიკა”, – გვიყვება თ.ბ.

მშობელი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სკოლის დირექტორს მიაწოდა. მისგან მიიღო დაპირება, რომ შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პედაგოგი სკოლაში მუშაობას აგრძელებს.

“დროებით დაითხოვა პედაგოგი და ამის შემდეგ, ბავშვებმა დაიწყეს ბულინგი, რომ მასწავლებელი ჩემი შვილის გამო წავიდა სკოლიდან, თუმცა ეს პედაგოგი ისევ დაბრუნდა და მე წამოვიყვანე ბავშვი”, – ამბობს თ.ბ.

როგორც მშობელი ამბობს, მასწავლებლის მხრიდან მის შვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ წელზე მეტი გრძელდებოდა.

“ბავშვის მდგომარეობა უფრო გართულდა, აქვს ქცევის დარღვევა, ვეღარ სძინავს, ცუდს სიზმრებს ნახულობს და აქვს შიშები. უცხოელმა სპეციალისტებმა დასკვნაში ჩაწერეს, რომ მას მძიმე ფსიქლოგიური სტრესი აქვს მიღებული. ჩავრთეთ ფსიქოლოგი დავიწყეთ მკურნალობა. ჯერ ყველაფერი არ ვიცით. ყველა ანალიზი და გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, რომ გავიგო რა დაზიანებებთან გვაქვს საქმე. ჩემთვის არასდროს მოუმართავს მასწავლებელს ჩივილით, რომ ან არ სწავლობდა, ან რაიმე პრობლემები ჰქონდა. თუ, ვერ იმორჩილებდა ეთქვა ჩემთვის, მივიღებდი ზომებს. ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ბავშვი ჯანსაღ გარემოში ყოფილიყო და სანაცვლოდ რა მივიღე”, – ამბობს ის.

10 წლის ბავშვის დედა ამბობს, რომ მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს და ამისთვის საჩივარი უკვე შეიტანა პოლიციაში.

“ერთ თვეზე მეტია, რაც ეს ამბავი გავიგეთ. სპეციალისტებმა გვირჩიეს, რომ ჯერ ბავშვი დამშვიდებულიყო და მერე გვედავა სამართლებრივად. ფსიქოლოგიც ადასტურებს, რომ მასთან საუბარში ბავშვს, მხოლოდ სკოლის და ამ პედაგოგის ხსენებაზე ემართება შფოთვა, დანარჩენ შემთხვევაში ყველგან და ყველასთან თავს დაცულად და ჰარმონიულად გრძნობს. არ უნოდათ ჩემთან გაერკვიათ, რომ მე რეაგირება მომხედინა ამ ყველფერზე, ამიტომ იძულებული გავხდი პოლიციისთვის მიმემართა. ვერავის შევარჩენ ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას”, – გვითხრა მან.

“მოზაიკა” სკოლის დირექციას დაუკავშირდა. დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მშობლისგან გაიგო და რეაგირება მაშინვე მოახდინა, – პედაგოგი კლასს გაარიდა.

“ეს ამბავი მშობლისგან გავიგე, თუმცა მე ძალიან ყურადღებიანი ვარ და აბსოლუტურად არ შემიმჩნევია მსგავსი ფაქტი, იმიტომ რომ ბავშვი არის ძალიან მხიარული, კონტაქტური, ახლო ურთიერთობა აქვს ჩემთან და ყოველთვის შეეძლო, თუ რამე პრობლემა ჰქონდა ჩამოსულიყო, ჩემთვის ეთქვა და აუცილებლად ზომებს მივიღებდი. ასევე, თვითონ პედაგოთან ახლოს იყო, რასაც ვუყურებდი, იმიტომ რომ პატარა სკოლაა და თვალხილულია ყველაფერი. როცა მშობელი მოვიდა ამ პრობლემით, რა თქმა უნდა ძალიან შევშფოთდი. მასწავლებელიც დავიბარე და ისიც ძალიან შეწუხდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი პედაგოგია. ჩვენ ვიცავთ ბავშვის ინტერესებს, რადგან ბავშვისთვის მიუღებელი იყო მეორე ცვლის მასწავლებელი, რომელიც გახანგრძლივებულში ამეცადინებდა, ჩვენ გავარიდეთ კლასს, თუმცა სხვა დანარჩენ ბავშვებს ჰქონდათ სურვილი, რომ ეს მასწავლებელი ჰყოლოდათ. ხუთი წელია მასთნ ურთიერთობენ და უყვართ. მიუხედავად ამისა, მე ბავშვის ინტერესები გავითვალისწინე, მაგრამ ბავშვი მაინც გადაიყვანეს საჯარო სკოლაში და ბავშვების მოთხოვნიდან გამომდინარე მასწავლებელი დავაბრუნეთ უკან”, – ამბობს სკოლის დირექტორი.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლამ ბავშვის ინტერესების დასაცავად ყველაფერი გააკეთა.

“ამ კლასში ფსიქოლოგიც შედის და გარე დაკვირვებებს აწარმოებს. მან იცის როგორ უნდა აწარმოოს დაკვირვება და შეგვიძლია ფსიქოლოგის დასკვნაც მივცეთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმ პერიოდში ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და როცა ბავშვი აღარ არის სკოლაში მერე უკვე აღარავის აქვს ჩაერიოს სკოლის საქმეებში. თუ  მიმართა პოლიციას, უწყება გამოიძიებს და ყველა ჩვენს პოზიციას დავიცავთ”, – ამბობს ის

სრულად წაკითხვა