გორის მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე შეხვდა

2 days ago 3

გორის მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე შეხვდა. ვერხვების დასახლებას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის მოთხოვნით მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს, თუმცა წყალმომარაგების კომპანია მათ ვერ ეუბნება, როდის განახლდება წყლის მიწოდება.

აქცია გორში, მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს.

აქცია გორში, მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს.

ბოლო ცნობებით, 31 დეკემბრის 22:00 საათზე უნდა აღდგენილიყო დაზიანებული მილსადენი, თუმცა პირობა დაირღვა. ახლა მოსახლეობის ნაწილი სოფელ კარალეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობასთან წავიდა, საიდანაც ქალაქის ნაწილს წყალი მიეწოდებოდა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცნობით, დაზიანებულია მაგისტრალური მილი. ამბობენ, რომ დაზიანების ადგილზე სრულად არის მობილიზებული როგორც საავარიო ჯგუფები, ასევე ტექნიკური რესურსი და, პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანიის ცნობითვე, სუხიშვილის ქუჩა N 20-ში (ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარედ), წყალმომარაგების შეზღუდვის პარალელურად, მუშაობს წყალმზიდი სატრანსპორტო საშუალებები. ადგილობრივი მოსახლეობა უბანში მიტანილი ავზიდან იღებს წყალს.

დაახლოებით 7 ათასი აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილია შარტავას, დარიალის, დუშეთის, თბილისის, სუხიშვილის, პ.მელიქიშვილის, მ.თოიძის, ლიახვის, ბერლინის ხეივნის, ერთობის, მაზნიაშვილის, წვერიახოს, წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს, ბერი ფალავანდიშვილის ქუჩებზე.

ეს კარალეთი-გორის მილსადენის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოებით ერთი კვირის წინ მაგისტრალურ მილსადენზე ავარია მოხდა. მაშინაც ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ორდღიანი სამუშაოების შემდეგ წყლის მიწოდება აღდგა, თუმცა ახალი წლის წინა დღეს მილსადენი ისევ დაზიანდა.

ქალაქის მეორე ნაწილი კი სასმელ წყალს ვარიანიდან იღებს.

სრულად წაკითხვა